მე ოკუპანტოფობი ვარ
ბალტიისპირელების დამოუკიდებლობის სულისკვეთების სრული თანაგრძნობის მიუხედავად, მათ მიერ რუსულად ლაპარაკზე უარის თქმა ადრე გადაჭარბებულ რეაქციად მეჩვენებოდა. ვფიქრობდი ენას რაღას ერჩიან, ნამეტანი მოსდით მეთქი. ბოლომდე ვერ ვიაზრებდი რომ ბალტიისპირელებს ოკუპაციის ჭრილობები უფრო ახალი, მოუშუშებელი ქონდათ. 2008 წლის რუსული აგრესიისა და თანმსდევი ოკუპაციის მერე მივხვდი ამას. არა, ჯერ ვიგრძენი და მერე მივხვდი.
დოსტოევსკი ნაკლებად, ტოლსტოი და ჩეხოვი კი ჩემი საყვარელი მწერლები არიან და მიუხედავად ამისა მაინც მეხამუშება დღეს რუსულად კითხვა, რუსულად ლაპარაკიც, რუსული მუსიკის გაგონებაზე ხომ საერთოდ მბურძგნის. პუტინის მოწინააღმდეგე, დისიდენტი მუსიკოსის, დდტ-ს სოლისტ იური შევჩუკის „კაგდა ზაკონჩიტსა ნეფტ?“-იც (როსღა გათავდება ნავთი?) კი აღარ სიამოვნებს ძველებურად ჩემ ყურთასმენას.
არადა არ მქონია ადრე ასეთი გრძნობა რუსულის მიმართ. არასოდეს ვყოფილვარ რუსოფობი და არც ახლა ვარ, მე ოკუპანტოფობი ვარ. დღეს პუტინის იმპერიალისტურ პოლიტიკას რუსეთის 90%-ი უჭერს მხარს, ანუ აქ ჩამოსული 10 რუსი ტურისტიდან 9 მისი მხარდამჭერია. რადგან ისინი დამნაშავენი არიან ჩემი ქვეყნის ოკუპაციის მხარდაჭერაში, მათთან თბილად გასაუბრების სურვილი სულაც არ მაქვს.
სახელგანთქმულ ჩეხ მწერალ მილან კუნდერას აქვს ნათქვამი: ,,პრაღის გაზაფხულის” შემდეგ მე შევიძულე ყველაფერი რუსული, მათი ეკლესიისგუმბათებიც კი საზარბაზნე ბირთვებს მაგონებენ”. მიმდინარე ოკუპაციის პირობებში რა უნდა იყოს ამაზე მეტად ადეკვატური და ბუნებრივი რეაქცია?
მამაჩემი დიდი ხნის განმავლობაში საკავშირო დაქვემდებარების მეტროლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა თბილისში. იქ მავნე ტრადიციად იყო ქცეული რუსულ ენაზე არამარტო საქმის წარმოება და საჯარო გამოსვლები, არამედ პირადი საუბრებიც. ქართულენოვანი თანამშრომლები იქ დასაქმებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ და მათ დიდ ნაწილს ეს არ მოწონდა, თუმცა ამაზე პროტესტს საჯაროდ ერთი-ორი თუ გამოთქვამდა.
მამაჩემის ნაამბობიდან მახსოვს, რომ ერთხელაც, მოსკოვიდან დიდი მოხელე-ნაჩალნიკი, ინსტიტუტის კურატორი საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (იგივე ლევ კონსტანტინოვიჩ ისაევი) ესტუმრათ. ტრადიციისამებრ გაიმართა მაღალჩინოსანი ვიზიტორის შეხვედრა ინსტიტუტის ე.წ. პარტიულ-სამეურნეო აქტივთან, სადაც მას ყველამ რუსულ ენაზე (ზოგმა დიდი გაჭირვებით) უპატაკა, მამაჩემმა ქართულად. ამით დიდად გაკვირვებულმა ისაევმა სხდომის დამთავრებისთანავე, ინსტიტუტის აჭარხლებული დირექტორისა და სხდომის სხვა მონაწილეთა თანდასწრებით, დარბაზშივე საჯაროდ კითხა მამაჩემს: – „გურამ გეორგიევიჩ, მნე ნე პონიატნო პოჩემუ ვი ვისტუპალი ნა გრუზინსკომ, ვი ჟე რუსკიმ ლუჩშე მნოგიხ ვისტუპავშიხ ვლადეეტე, ვედ დისერტაციუ ვ პიტერე ზაშიშალი?“-ო,* რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო: – „ლევ კონსტანტინოვიჩ, ია სვოეი რეჩიუ ნა გრუზინსკომ იაზიკე პოსტარალსია ვერნუტ ვას ვ რეალნოსტ, ა იმენნო: ვი ზდეს ნე უ სებია დომა ნახოდიტეს, ა ვ გოსტი“-ო.**
რუსული ენა არა საერთაშორისო, არამედ რუსეთის და საბჭოთა იმპერიის ენაა. დღეს ის ინდოქტრინაციის, ფეიკნიუსების და ოკუპაციის ენაცაა. ამიტომ, საქართველოში ის არ უნდა იყოს არც პირველი უცხოური და არც ზედმეტად დაფასებული ენა; და კიდე იმიტომ, რომ „რუსსკიე ვ გრუზიი სებია გოსტემ, ა ნე ხაზიაინომ ჩუვსტვოვალი“.
* „გურამ გიორგის-ძევ, ჩემთვის გაუგებარია რატომ წარმართეთ თქვენი გამოსვლა ქართულ ენაზე, თქვენ ხომ გამომსვლელთაგან ბევრზე უკეთ ფლობთ რუსულ ენას, თქვენ ხომ პიტერში დაიცავით დისერტაცია?“
** „ლევ კონსტანტინეს-ძევ, მე, ჩემი ქართულენოვანი გამოსვლით ვცადე დამებრუნებინეთ რეალობაში, სახელდობრ: თქვენ საკუთარ სახლში, ანუ რუსეთში კი არ იმყოფებით, არამედ სტუმრად ხართ საქართველოში“.
*** „რუსები საქართველოში სტუმრად უნდა გრძნობდნენ თავს და არა აქაურობის ბატონ-პატრონად“.