ნატო-ს შავი ზღვის “ახალი ფორმულა” სავარაუდოდ საქართველოსაც მოიცავს
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის, მინეა მოტოჩის განცხადებით, გეგმა, რომლის წარდგენასაც რუმინეთი ვარშავის სამიტზე აპირებს, საქართველოსა და უკრაინას, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსაც მოიცავს. “ფორმულა, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვისაც ღია იქნება, გულისხმობს იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის მონაწილეობას ნატო-ს შავი ზღვის მუდმივ ფლოტში, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან, თუმცა მუდმივად მონაწილეობენ ნატო-ს წვრთნებში. ეს იქნება ძლიერი სიგნალი ნატო-ს ვარშავის სამიტზე”, განაცხადა მინისტრმა რუმინულ გაზეთთან ინტერვიუში.
ფორმულა იმ რუმინული გეგმის ნაწილია, რომელიც ბუქარესტმა ვარშავის სამიტზე წარსადგენად ნოემბერში გაახმოვანა და რომლის მიხედვით შავ ზღვაზე ნატო-ს ქვეყნების მუდმივი ფლოტი უნდა შეიქმნას.
გეგმის მიხედვით, აშშ-ს, იტალიის, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და გერმანიის სამხედრო გემები მუდმივ ფლოტილიას შექმნიან შავ ზღვაზე. 1936 წლის მონტრეს კონვენციით, არა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო გემებს მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ შავ ზღვაზე ყოფნა. შესაბამისად, ნატოს წევრებიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გარდა ყველა სხვა ქვეყნის სამხედრო გემს კვლავ მოუწევს როტაცია შავ ზღვაზე. რუმინული წინადადებით, ამ ფლოტილიაში მონაწილე ქვეყნების რიგში უკრაინა და საქართველოც იქნებიან.