ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი
ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტს ვსაუბრობთ ქალაქზე და მის პრობლემებზე. ამ საკითხებით უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და აქტიურობს, იმიტომ რომ ეს ჩვენს და მომავალი თაობების საარსებო გარემოს ეხება, რომელიც საცხოვრებლად ჯანმრთელი და მიმზიდველი უნდა იყოს. ადამიანების მიერ შექმნილი ნაშენი გარემო საზოგადოების კულტურული და მენტალური მდგომარეობის მატერიალიზებული გამოვლინებაა. საბჭოთა და მისი შემდგომი უახლოესი წარსულის მანკიერებებმა, ფინანსურმა შეჭირვებულობამ, ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების ახალმა ფორმებმა, რომლებსაც სრულიად მოუმზადებელი შევხვდით, ერთობლიობაში მძიმე დაღი დაასვა ჩვენს ურბანულ გარემოს. არ აღმოვჩნდით მზად გაგვეძლო ცდუნებებისთვის, გამოგვეჩინა წინდახედულება, გაგვეაზრებინა ჩვენი ქალაქგანვითარებითი ქმედებების შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში და ვერ დავხვდით ურბანული ცხოვრების ახლებურ ყაიდას პროფესიულად მომზადებულები. ჩვენს ხელთ არსებული გამოცდილება, მიდგომები და განათლების დონე ქალაქგეგმარებასა და არქიტექტურაში სრულიად არაადექვატური აღმოჩნდა გახსნილი მსოფლიოს იმ რეალობისა, რომლის წინაშეც საქართველო აღმოჩნდა.
ჩვენ ვესწრაფვით დასავლეთს და ევროპას, როგორც თავისუფლებას და ღირებულებებს, რომლებიც საზოგადოების ყველა წევრს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების საფუძველში დევს. ქალაქი არის განსხვავებულ ადამიანთა მრავალფეროვანი კავშირების სიმბიოზის ადგილი, სადაც საერთო სივრცის დემოკრატიულობის გააზრების გარეშე წარმოუდგენელია მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაცხოვრება. ევროპული ქალაქი წარმოადგენს ამგვარი ურთიერთშეთანხმებების პრინციპებზე ჩამოყალიბებულ გარემოს. სწორედ ასეთად უნდა გარდავქმნათ ჩვენი ქალაქები, სადაც ცხოვრება სასიამოვნო იქნება ყველასათვის ასაკის, ფიზიკური შესაძლებლობის და სოციალური კუთვნილების მიუხედავად. დასავლური მიდგომების გათავისების გარეშე წარმოუდენელია მივიღოთ ქალაქი, სადაც უვლიან საზოგადოებრივ სივრცეს, უფრთხილდებიან ეკოლოგიას, პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებებს და ერთნაირად აფასებენ როგორც საკუთარის, ისევე საერთოს ცნებებს. სწორედ დასავლური დემოკრატიული ცნობიერების მქონე მმართველობა რთავს საზოგადოებას ქალაქის დაგეგმვის პროცესებში, ითვალისწინებს მის აზრზს და უზრუნველყოფს ყველა ჩართული მხარის ინტერესების დაბალანსებას ყველასათვის მისაღები გარემოს შესაქმნელად, სადაც უპირველესი ადამიანის უფლებები და საზოგადოებრივი ინტერესია. დასავლური პროფესიული გადაწყვეტების და ღრმა მრავალმხრივი ცოდნის გამოყენების გარეშე ვერ შევქმნით მდგრად ქალაქს, ემოციურ-ფსიქოლოგიურად და ესთეტიურად მისაღებ ურბანულ გარემოს. დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება ავიმაღლოთ და დავნერგოთ ურბანული კულტურა, რომელიც დასავლური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და გავუფრთხილდეთ იმ უნიკალურ ადგილობრივ მემკვიდრეობას, რომლის დაცვაც ასევე დასავლური ტიპის ქალაქ განვითარების და კულტურის აუცილებელი შემადგენელია.
საქართველოს დასავლურ სამყაროში ინტეგრირება იქნება განათლების დონის ამაღლების, სწორი ეკონომიკური განვითარების და დემოკრატიული აზროვნების გაღრმავების საწინდარი, რაც ჩვენი ზოგადი ურბანული კულტურის გაუმჯობესებასა და საერთო საცხოვრებელ გარემოში ერთმანეთის სამოქალაქო უფლებების პატივისცემასთან ერთად შეგვაძლებინებს ჩვენშიც შევქმნათ ისეთი ქალაქები, როგორის მოსანახულებლადაც სხვა ქვეყნებში მივემგზავრებით, პოზიტიურად დამუხტული ვბრუნდებით და რაც ისევ და ისევ გვიზიდავს.
ჩვენი თავისუფლება და “დასავლურობა” კი უნდა იყოს დაცული, რადგან რუსეთის აგრესია ყოველნაირად ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის წინსვლას და დემოკრატიულ განვითარებას, ჩვენს ევროპული ყაიდის სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებას. ასეთი დამანგრეველი ძალისაგან თავის დასაცავად მხოლოდ ნატოს წევრობა შეიძლება იქცეს საპირწონედ, მაშინ როდესაც რუსული იმპერიალიზმი, რომელიც მთელს სამყაროში ვერავის სთავაზობს თანასწორ ურთიერთობას, მშვიდობას, მაღალი დონის განათლებას ან მოწინავე ტექნოლოგიებს, აგრძელებს ყოველმხრივ ზეწოლას და ოკუპაციას. ასეთი ქვეყნის მხრიდან ძალადობისგან თავის დასაღწევად, საქართველოსთვის აუცილებელია დემოკრატიულ და ცივილურ დასავლურ სახელმწიფოებთან ერთად კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის გამოყენება, რადგან რუსულ საფრთხესთან ცალკე გამკლავება ჩვენზე დიდ ქვეყნებსაც კი უჭირთ. ამის გარეშე უკიდურესად გაგვიძნელდება წინსვლა და განვითარება, რაც ნიშნავს დაკარგულ დროს და შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც მრავალი სხვა გამოწვევაც არსებობს და აქედან გამომდინარეც, მხოლოდ როგორც ძლიერი თანამეგობრობის წევრმა შეიძლება თავი ვიგრძნოთ დაცულად.
ამავე დროს, ჩვენს თავზე უნდა ვიმუშაოთ ბევრი, რომ მივუახლოვდეთ ნატოს წევრ ქვეყნებს უამრავ სფეროში, რაც დიდი გამოწვევაა. ამიტომ ამოცანა დავამტკიცოთ რომ ვიმსახურებთ ნატოს წევრობას, არის უდიდესი ვალდებულება ქვეყნის მომავლის წინაშე და პასუხისმგებლობა პარტნიორებთან, რომელთა გვერდითაც დგომაც გვსურს.