ნატოს ახალი ქვედანაყოფები ემზადებიან წვრთნებში და სამხედრო დაგეგმარებაში მონაწილეობისათვის
აღმოსავლეთ ევროპაში დაფუძნებული ალიანსის ექვსი ახალი შტაბი – ნატოს ძალების საინტეგრაციო ქვედანაყოფები (NFIUs) – ინტენსიურ მზადების გადის. ექვსი თვის წინ, ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში ახლადდაფუძნებულმა ამ შტაბებმა უკვე მიიღეს რიგ სამხედრო ვარჯიშებში მონაწილეობა და ახალი პერსონალით შეივსეს საკუთარი რიგები. ვარშავის 2016 წლის ივლისის სამიტისთვის ისინი უკვე მზად იქნებიან სრულფასოვანი ოპერირებისთვის.
„ეს პატარა შტაბები წარმოადგენენ ცივი ომის შემდეგ ნატოს კოლექტიური თავდაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი გაძლიერების გეგმის შემადგენელ ნაწილს“, აღნიშნა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერს, ლიტვაში ერთ-ერთი ამ შტაბთაგანის გახსნის დროს. მაშინ, ნატოს დროშა აფრიალდა ექვსი ასეთი საინტეგრაციო ქვედანაყოფის თავზე, ბუქარესტში (რუმინეთი), ბიდგოჟში (პოლონეთი), რიგაში (ლატვია), სოფიაში (ბულგარეთი), ტალინში (ესტონეთი), და ვილნიუსში (ლიტვა). ეს შტაბები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს დამაკავშირებელ რგოლს ნაციონალურ ძალებსა და ნატოს მულტინაციონალურ კონტინგენტს შორის. თუ საჭირო გახდა, ისინი მხარდაჭერას გაუწევენ დამხმარე ძალებს და ხელს შეუწყობენ მათ სწრაფ და ეფექტურ წინსვლაში.
უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, ამ საინტეგრაციო ქვედანაყოფების მეთაურები მუშაობდნენ მათ დასაფუძნებლად და დასაკომპლექტებლად. სრულად დაკომპლექტების შემდეგ, თითოეულ მათგანში იმსახურებს 40 ადამიანი, რომელთაგანაც ერთი ნახევარი იქნება მასპინძელი ქვეყნიდან და მეორე ნახევარი კი სხვა დანარჩენი მოკავშირე ქვეყნებიდან. მიმდინარეობს შერეული ჯგუფების ფორმირება: ლატვიაში დაფუძნებული ქვედანაყოფი რვა მოკავშირე ქვეყნის სამხედრო პერსონალს უმასპინძლებს, ხოლო ლიტვის ქვედანაყოფში კი 14 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.
ქვედანაყოფები უკვე ემზადებიან ნატოს ძალებს დაგეგმარებისა და წვრთნის პროცესში. ესტონეთში დაფუძნებულმა საშტაბო ქვედანაყოფმა მონაწილეობა მიიღო სწავლებაში “Arcade Fusion 2015”, ხოლო პოლონეთში განლაგებულმა შტაბმა კი სწავლებაში “Noble Jump 2015”. საინტეგრაციო ქვედანაყოფების მიმდინარე წლის წვრთნების გეგმა საკმაოდ დატვირთულია.
აღმოსავლელი მოკავშირეების დასაცავად ნატოს შესაძლებლობების გასაძლიერებლად ნატოს კიდევ ორი პატარა საშტაბო ერთეული დაფუძნებდა, ერთი უნგრეთში და მეორე სლოვაკეთში.