ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს განცხადება რუსეთის თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით

მოკავშირეებმა გამოხატეს თავისი ღრმა შეშფოთება სირიაში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასთან და განსაკუთრებით რუსეთის საჰაერო ძალების მიერ ჰამაზე, ჰომსზე და იდლიბზე გახორციელებულ შეტევებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იყვნენ მიმართული Da’esh-ის (ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში) წინააღმდეგ და მოჰყვა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევები სირიულ ოპოზიციასა და სამოქალაქო მოსახლეობაზე, ძალისხმევა მიმართოს ISIL-ის (ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში) წინააღმდეგ ბრძოლისკენ, და ხელი შეუწყოს კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტას.
3 და 4 ოქტომბერს, რუსეთის საჰაერო ძალების სუ-30 და სუ-24 თვითმფრინავების მიერ ჰატაის რეგიონში გახორციელებულმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევამ გაზარდა რუსეთის სამხედრო ქმედებების სახიფათოების ხარისხი. ეს თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ თურქეთის მხარის მიერ ცალსახა, დროული და განმეორებით მიცემული გაფრთხილებების მიუხედავად. ნატოს პრაქტიკის შესაბამისად, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა გაახორციელეს საპასუხო გაფრენები, რის შედეგადაც რუსულმა თვითმფრინავებმა დატოვეს თურქეთის საჰაერო სივრცე.
მოკავშირეები სერიოზულ პროტესტს გამოთქვამენ თურქეთის სუვერენული საჰაერო სივრცის ამ დარღვევებთან დაკავშირებით და გმობენ ნატოს საჰაერო სივრცეში შეჭრას. მოკავშირეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებები ქმნიან სერიოზულ საფრთხეს. ისინი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ შეწყვიტოს და მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი დარღვევებისგან, ასევე განმარტოს რატომ გაახორციელა ეს ქმედებები.
მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთის მხარეს მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა გამოირიცხოს მომავალში მსგავსი ქმედებების გამეორება.
ალიანსის უსაფრთხოება განუყოფელია და მოკავშირეები მზად არიან მხარში ამოუდგნენ თურქეთს და დაადასტურონ საკუთარი სოლიდარობის სიმტკიცე. ჩვენ გავაგრძელებთ ზედმიწევნით დაკვირვებას ნატოს საზღვრებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მოვლენების განვითარებაზე.