ნატოს თავდაცვის მინისტრები კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამენ

მინისტრებმა განიხილეს ალიანსის „მზაობის სამოქმედო გეგმის“ გახორციელება. ეს გეგმა, რომელიც ნატოს ლიდერებმა შარშანდელ უელსის სამიტზე შეათანხმეს, უზრუნველყოფს ნატოს მზაობას ეფექტურად აღუდგეს წინ გამოწვევებს, რომელსაც წარმოშობს სწრაფად და მუდმივად ცვალებადი უსაფრთხოების გარემო.
მათ მწვანე შუქი აუნთეს ახლახან დასრულებულ ნატოს გაძლიერებული სწრაფი რეაგირების ძალების სამხედრო კონცეფციას, მათ შორის ამ ძალების მართვისა და კონტროლის რეგულაციებს. „ჩვენ ახლა ყველაფერი გვაქვს იმისათვის რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ სწრაფი რეაგირების ძალები, გავზარდოთ მათი სისწრაფე და შესაძლებლობები,“ თქვა ბ-მა სტოლტენბერგმა. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ ნატოს კიდევ ორი ძალთა ინტეგრაციის ქვედანაყოფის (NFIU) ან პატარა შტაბის შექმნაზე უნგრეთსა და სლოვაკეთში. 6 ასეთი ქვედანაყოფი სულ ახლახანს, სექტემბერში იქნა აქტივირებული ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში. გენმდივანი მიესალმა როგორც გერმანიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბერლინი მზადაა 2019 წელს უხელმძღვანელოს ალიანსის ზესწრაფი რეაგირების მოწინავე ძალებს, ასევე გაერთიანებული სამეფოს გეგმას გაზარდოს ბრიტანული სამხედრო ძალების საროტაციო მონაწილეობა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დაგეგმილ ალიანსის წვრთნებსა და სწავლებებში.
თავდაცვის მინისტრებმა ასევე განიხილეს სირიის და რუსეთის თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხები. გენმდივანმა მოუწოდა რუსეთს „პოზიტიური როლი ითამაშოს ისლამური სახელმწიფოს (ISIL) წინააღმდეგ ბრძოლაში,“ და აქვე დაამატა, რომ ნატო თურქეთისადმი სრულად სოლიდარულია. მინისტრებმა ასევე განიხილეს ავღანეთში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია. გენმდივანმა აღნიშნა, რომ წელსვე, მოგვიანებით, მოკავშირეები გადაწყვეტენ ავღანეთში ჯარების რაოდენობისა და განლაგების ადგილმდებარეობის საკითხებს. ეს მოხდება უსაფრთხოების გარემოს დაწვრილებითი ანალიზის საფუძველზე, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო კვირებში დასრულდება.