თავდაცვის მინისტრები მიესალმნენ პროგრესს საქართველო-ნატოს ურთიერთობებში და განიხილეს ნატოს გრძელვადიანი ადაპტაციის საკითხები

საქართველო-ნატოს კომისიის შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა ნატო-საქართველოს პარტნიორობის გასაძლიერებლად აღებული ვალდებულებების შესრულების გზაზე. ბ-მა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ერთი წლის წინ შეთანხმებული თანამშრომლობის არსებითი პაკეტი უკვე რეალობად იქცა და ხორციელდება. „ჩვენ პოლიტიკურ კონსულტაციებსა და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით წინ მივიწევთ“, აღნიშნა მან. მაგალითად, ნატოსა და საქართველოს სამხედრო კონტინგენტებმა, ა.წ. ივნისში, საქართველოში ჩაატარეს ერთობლივი წვრთნა სახელწოდებით „მებრძოლი სული“ (Agile Spirit). ამავე წლის აგვისტოშივე კი, თბილისში მოხდა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაგურაცია.
გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ნატოს მხარდაჭერა, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა რეფორმირების პროცესის მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის კანონის უზენაესობის მიმართულებით, შემდგომი პროგრესის საჭიროებას. მან მოუწოდა რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობის აქტები.
ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ცალკე განიხილეს ნატოს გრძელვადიანი პოლიტიკური, სამხედრო და ინსტიტუციონალური ადაპტაციის საკითხები. „მსოფლიო სწრაფად იცვლება და ჩვენი ვალდებულებაა საფრთხეები წინასწარ გავითვალისინოთ“, აღნიშნა ბ-მა სტოლტენბერგმა. მან ყურადღება გაამახვილა შარშანდელ უელსის სამიტზე მიღებული ნატოს „მზაობის სამოქმედო გეგმის“ (Readiness Action Plan) შემდგომ გახორციელებაზე. ნატო ასევე გააძლიერებს საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა საფრთხეების, მათ შორის ჰიბრიდული ომის, კიბერ შეტევების და რაკეტების გავრცელების საფრთხეების გასანეიტრალებლად. ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა და ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით არსებული პარტნიორობის გაღრმავება იქნება ასევე ნატოს მუშაობის პრიოტიტეტული მიმართულებები 2016 წლის ვარშავის სამიტამდე.