შესავალი
XX საუკუნის ბოლოს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, საერთაშორისო პოლიტიკაში ახალი დამოუკიდებელი ერთეულები გაჩნდნენ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სოციალისტური ბანაკის ყოფილი წევრის სახელმწიფოების უმრავლესობამ აქცენტიგააკეთა დასავლურ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობაზე. მათ შორის იყო საქართველოც, რომელსაც სამართლიანად სურდა ევროპულ ოჯახში დაბრუნება. თუმცა, დასავლურ სამყაროში კუთვნილი ადგილის დაკავებამდე შესასრულებელია მოთხოვნები,რომელთა დაკმაყოფილებაც დასავლეთთან დაახლოების სურვილის მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის სავალდებულოა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაში გვეხმარება საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაა. საქართველო აქტიურად მონაწილეობს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ფორმატებშიდა საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, როგორც ფუძემდებლური პრინციპების და აღებული ვალდებულებების შესრულების, სათანადო შეთანხმებებსა და კონვენციებთან მიერთების, ასევე საერთაშორისოოპერაციებში მონაწილეობის გზით. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სარგებელი, რასაც საქართველო ამ აქტივობების შედეგად იღებს შეგვიძლია შემდეგნაირადდავახარისხოთ:
- ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა;
- პირადი შემადგენლობის საბრძოლო გამოცდილებისა და თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის გაზრდა;
- საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანა, რითაც უმჯობესდება ქვეყნის იმიჯი და საერთაშორისო არენაზე იგი ცნობილი ხდება როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორი.
ქართველების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის ისტორია
კოსოვო
საუკუნის ბოლოს მსოფლიო ბალკანური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პრობლემის წინაშე იდგა. ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისია, რომელშიც ქართველი ჯარისკაცებიც იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები საგრძნობლად ჩამორჩებოდა მაშინდელ საერთაშორისო სამხედრო სტანდარტებს, თურქეთის შეიარაღებული ძალების დახმარებით, 1999 წელს ჩამოყალიბდა კოჯრის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც წარგზავნილ იქნა კოსოვოს ქ. მამუშაში და ასრულებდა სამშვიდობო ოპერაციის მანდატს თურქული ბატალიონის ხელმძღვანელობის ქვეშ. ქართველების საბრძოლო აღჭურვილობასა და ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა თურქულ მხარეს ჰქონდა აღებული. 2003 წლიდან ქართული კონტიგენტი კოსოვოში 300 ჯარისკაცამდე გაიზარდა. ქართული ქვედანაყოფი ამჯერად გერმანული ქვედანაყოფის შემადგენლობაში შევიდა და დისლოცირდა ქ. პრიზრენში. მათი მონაცვლეობა ხდებოდა როტაციის წესით ყოველ 7 თვეში. პრიზრენში ჩასვლამდე ისინი რამდენიმე კვირიან სამხედრო წვრთნას გერმანიაში გადიოდნენ.
2008 წლის მარტში, მორიგი როტაციის განსახორცილებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის ოცეული ჯერ გერმანიაში გაემგზავრა და წვრთნის დასრულების შემდეგ კოსოვოში უნდა ჩასულიყვნენ. მაგრამ, აპრილში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეწყვიტა მისია კოსოვოში და სამშობლოში დაბრუნდა.
კოსოვოს სამშვიდობო მისიაში ქართველების მოვალეობას წარმოადგენდა: სამშვიდობო შეთანხმების შესრულება, წესრიგისა და კანონის დაცვა, მისიისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რამოდენიმე ბაზების დაცვა (MNB (SW) HQ, Prizren, Camp Airfield, Camp Toplicane), რეკონსტრუქცია და ჰუმანიტარული დახმარება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში ჩართვა იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ სწრაფვისა. რამოდენიმე ომგამოვლილმა, დაფინანსებისა და წვრთნის ქრონიკული უკმარისობით დასუსტებულმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს:
- გერმანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო მისიის წარმატებით გახორციელება, რაც იყო გამოხატულება იმისა, რომ შეიარაღებული ძალების მომზადების დონე იზრდებოდა და თავსებადი ხდებოდა დასავლელ პარნტიორებთან;
- საბჭოთა სამხედრო სისტემის ელემენტები ნელ-ნელა გაიცხრილა და ნატოელ პარნტნიორებთან ერთობლივი მუშაობის გამოცდილების შედეგად დაინერგა ნატოს სტანდარტები;
- არშემდგარი სახელმწიფოების სიაში მყოფი ქვეყანა ფაქტობრივად პირველად გახდა რეგიონალური უსაფრთხოების კონტრიბუტორი, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მისი იმიჯი.
ერაყი
ერაყში, პირველად, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად საქართველოდან სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) და საინჟინრო ოცეული 2003 წელს გაემგზავრა და ქ. ტიკრიტში დისლოცირდა. 2004 წელს, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში შემავალი ქართული კონტინგენტი 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი სამშვიდობო მისიის შესრულება 850 ჯარისკაცმა განაგრძო. ორი წლის შემდეგ, 2007 წლის ივლისიდან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ერაყის ქალაქ ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) სამშვიდობო მისიას მესამე ქვეითი ბრიგადის უკვე 2000 სამხედრო მოსამსახურე ახორციელებდა.
2008 წლის იანვარში, III ქვეითი ბრიგადა I-მა ქვეითმა ბრიგადამ ჩაანაცვლა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დისლოცირებული იყო ბაზა “დელტაზე” (ვასიტის პროვინცია) 1500 ჯარისკაცით, ბაზა “ქლეარზე” – 350 და ქ. ბაღდადში – 150 სამხედრო მოსამსახურით. I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები სამშობლოში 2008 წლის აგვისტოში დაბრუნდნენ. ერაყის რესპუბლიკაში მისია 2011 წელს დასრულდა. სამწუხაროდ, ერაყის მისიაში მონაწილე ქართულმა კონტინგენტმა განიცადა დანაკარგები, იყვნენ დაჭრილებიც და დაღუპულებიც. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ასეთ მასშტაბურ სამხედრო მისიაში მონაწილეობამ კიდევ უფრო აამაღლა ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და თავსებადობა ნატოს ძალებთან.
ავღანეთი
ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში (ISAF – საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად ISAF-ის ოპერაციაში 50-მა ქართველმა სამხედრომოსამსახურემ მონაწილეობა 2004 წელს მიიღო. მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2007 წლის ნოემბრიდან გჰორის პროვინციის ქ. ჩაგჩარანში ქართველი ექიმები უკვე ლიტვის რესპუბლიკისკონტინგენტის პროვინციის რეკონტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებენ სამშვიდობო მისიას 6 თვიანი როტაციით.
2009 წლის ნოემბერიდან, პირველმა ქართულმა სამშვიდობო ასეულმა დაიწყო მისიის შესრულება ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ქ. ქაბულში და უზრუნველყოფდა რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე “ვორჰაუზ”-ის ბაზისუსაფრთხოებას. ყოველ 6 თვეში ხდებოდა ასეულის როტაცია.
2010 წლის აპრილიდან, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 749 სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა, რომლებიც აშშ-ის სახმედრო ძალებისმხარდაჭერით უკვე სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. 31-ე ბატალიონი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა 2010 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში როტაციის წესით ჩაანაცვლა. 2011 წლის აპრილიდან სამშვიდობო მისიას ჰელმანდისპროვინციაში 33-ე ბატალიონი ასრულებდა. 6 თვის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერს, მესამე ქვეითი ბრიგადის 31- ე მსუბუქი ბატალიონის 749 სამხედრო მოსამსახურემ 33-ე ბატალიონი ეტაპობრივად ჩაანაცვლა.
2012 წლის აპრილში, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ჩაანაცვლა მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა, რომელიც 7 თვის მანძილზე აგრძელებდა სამშვიდობო მისიის შესრულებას ჰელმანდის პროვინციაში. 2012 წლის ოქტომბრიდან მე-2 ქვეითიბრიგადის 23-ე ბატალიონი I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ამჟამად ავღანეთში მისიას მე-12 ბატალიონთან ერთად, III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი შეასრულებს, რომელიც საერთაშორისო ოპერაციაში მეორედ იღებს მონაწილეობას.
არსანიშნავია ასევე, რომ 2011 წლიდან აპრილიდან 2012 წლის აპრილამდე, ყანდაღარის პროვინციაში, ქართველი სამხედრო ინსტრუქტორები (არტილერისტები) ასრულებდნენ სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში.
გარდა ამისა, 2010 წლის იანვარში, 2 სამეკავშირეო ოფიცერი მისიის შესასრულებლად გაიგზავნა ქაბულში მდებარე რეგიონალური სარდლობის ცენტრში, თურქული კონტიგენტის შტაბბინაში, სადაც 12 თვის განმავლობაში დარჩნენ.
ქართველი სამხედროები ავღანელ ჯარისკაცებს წვრთნიან
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, აშშ-ს შეიარაღებული ძალები რჩებიან ავღანეთში ინსტრუქტორებად და გაუწევენ დახმარებას ავღანეთის შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან ჯარებს. ქართველისამხედროებიც აგრძელებენ მისიაში მონაწილეობას და ახლა უკვეავღანელ კოლეგებს გადასცემენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა არტილერისტებმა, 2014 წლის ზაფხულში, ავღანურ ბაზა არწივში, სამკვირიანი საარტილერიო სწავლება ჩაუტარეს ავღანელ ჯარისკაცებს, რომლის დროსაც მათ შეასწავლეს მისაბმელიანი ქვემეხების გამოყენება,უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ა.შ.. ავღანეთის ეროვნული არმიის 205-ე კორპუსის სამეთაურო რგოლი – ბაზა „Hero”-ს მეთაური, გენერალ-მაიორმა ჰამიდულა ჰამიდმა და ზაბულის პროვინციის მეორე ბრიგადის მეთაურმა, გენერალმა მუჰამედ აკრამსომმა კმაყოფილება გამოთქვეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და გამოხატეს სურვილი ქართულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობისა.
დიდი ალბათობით ქართველი ინსტრუქტორები გაგრძელებენ ავღანელი ჯარისკაცების წვრთნას D-30 ტიპის ჰაუბიცებისა და 120 და 88 მმ კალიბრის ნაღმტყორცნების გამოყენების სწავლების მიზნით. ეს სერიოზული წარმატების ნიშანია, რადგან ფაქტია,რომ დასავლელი პარტნიორები უკვე ენდობიან ქართველ სამხედროებს და აბარებენ მათ მნიშვნელოვანი მოვალეობების დამოუკიდებელად შესრულებას, რაც აშკარად მეტყველებს ჩვენი შეიარაღებული ძალების გაზრდილ პრესტიჟზე.
მისია აფრიკაში
ზემოჩამოთვლილ მისიებისგან განსხვავებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ, უკვე ევროკავშირის ეგიდის ქვეშ მყოფი მისიაა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი განაცხადი იყოევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ყველაფერთან ერთად, ეს მიზნად ისახავდა საქართველო-ევროკავშირს შემდგომ დაახლოებას. აღსანიშნავია, რომ სამშვიდობო კონტინგენტის გაშვებას უმრავლესობამაც და უმცირესობამაცერთობლივად დაუჭირა მხარი. საგულისხმოა, რომ ეს მისია შედარებით მშვიდობიანი გამოდგა და ჯერ-ჯერობითარ არ გვყავს დაჭრილები და დაღუპულნი.
რატომ და ვინ ეწინააღმდეგება ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას?
სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა უპირველეს ყოვლისა სახიფათო საქმიანობაა, მით უმეტეს როცა ჯარისკაცები ახორციელებენ პატრულირებას მსოფლიოს უცხელეს წერტილებში. ეს ეხება ერაყს და უფრო მეტად ავღანეთის სამხრეთ პროვინციებს.არგუმენტების ნაწილი სავსებით ბუნებრივია და შეიცავს ლოგიკის მარცვალს, თუმცაღა ხშირად ძირითადად ის ადამიანები არიან საქართველოს სამხედრო კონტინგენტის საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის წინააღმდეგნი, რომლებიც ფარულადთუ ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოლიტიკურ სიმპატიებს რუსეთის მიმართ. სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მოწინააღმდეგეთა უმთავრესი არგუმენტი არის ის, რომ საქართველომ ამ მონაწილეობის მანძილზე საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო, კერძოდ 29 ქართველი დაიღუპა და გაცილებით მეტი დაიჭრა, რაც არც თუ ისე უმნიშვნელო მაჩვენებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა.
დიდი დანაკარგის გარდა, საზოგადოების ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს ქართული კონტიგენტის რაოდენობრივ სიდიდეს. ხშირად ის რიცხოვნობით უსწრებს ნატოს წევრ სახელმწიფოთა კონტიგენტს და მაგალითად ავღანეთში, იგი აშშ-სა და დიდიბრიტანეთის შემდეგ სიდიდით მესამე კონტინგენტი იყო. 2013 წლის შემდეგ, ქართველ სამხედროთა რაოდენობა 1675-მდე გაიზარდა, რითაც გადაასწრო ავსტრალიას, რომელსაც ყველაზე დიდი კონტიგენტი ყავდა არაწევრ სახელმწიფოთა შორის.აღნასანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველები მისიას ახორციელებენ ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში.
კრიტიკული არგუმენტებიდან ერთ-ერთის მიხედვით წარსულის გამოცდილებამ უკვე გვიჩვენა დიდი კონტიგენტის არსებობასთან დაკავშირებული საფრთხეები, როცა ქართული ჯარის 10%, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროსქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.
მეორე არგუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას, გაღებულმა მსხვერპლმა ვერ უზრუნველყო საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო დახმარება აგვისტოსომში. აღინიშნება, რომ საქართველოს არ გააჩნია არანაირი გარანტია იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ თავაგანწირვის საზღაურს. ზემოჩამოთვლილ არგუმენტებს აქვს არსებობის უფლება, თუცმაღა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის მნიშვნელოვანი სარგებელი რომელსაც საქართველო იღებს ამ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისგან.
სარგებელი, რომელიც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებიდან
ის სარგებელი, რომელიც მიიღო ქართულმა სახელმწიფომ საერთაშორუსო სამშვიდობო ოპერაციებიდან შეიძლება შემდეგ პუნქტებად ჩამოყალიბდეს:
- ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდა;
- კონტრერორისტულ საკითხებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის ამაღლება;
- თანამედროვე სამხედრო ტექნიკურ საშუალებების დაუფლება და შესაბამისი უფასო გადამზადება;
- საქართველო წარმოჩინდა როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების კონტრიბუტორი ქვეყანა;
- გაიზარდა ქართული ჯარის საერთაშორიო პრესტიჟი და ახლა ისინი უკებ დამოუკიდებლად წვრთნიან ავღანელ ჯარისკაცებს;
- ყველა საერთაშორიო პარნტიორი აღნიშნავს,რომ ამ კონტრიბუციამ უფრო დაახლოვა საქართველო ევროატლანტიკურ ალიანსს.
დასკვნის მაგიერ
საერთაშორიო სამშვიდობო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და რომლის ტერიტორიების 20 პროცენტიცოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს მონაწილეობა ხელს უწყობს ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებას, ნატო კი დღესდღეობით ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო მისიებშიმონაწილეობას თან ახლავს მნიშვნელოვანი დანაკარგი, საბოლოო ჯამში, ეს მომავალში აუცილებლად მოიტანს ხელშესახებ სარგებელს და წაადგება სახელმწიფოს ნატოსა და ევროპაში ინტეგრაციის დაჩქარებაში, რაც ქვეყნის წარმატებული და უსაფრთხო განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
შალვა ჩიხლაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მეორე კურსის სტუდენტი.