ბექა ბოჭორიშვილი – სტუდენტი
მე ვარ ბექა ბოჭორიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის სტუდენტი და მე ვირჩევ ნატოს.
დღეს ჩვენი სამშობლო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ეს გრძელდება საბჭოთა კავშირის სივრცის დატოვებიდან დღემდე. გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, მოხდა ჩვენი ტერიტორიების ანექსია, რამაც ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩვენს საზოგადოებას, თითქოს დავითრგუნეთ და ყველაფრის იმედი დავკარგეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან ცხოვრება გრძელდება. გაგვიმტკიცდა აღქმა, რომ ვართ ევროპელები და გაგვიძლიერდა ევროპულ ოჯახში ცხოვრების სურვილი. სწორედ ასეთი მიზანი აკლდა ჩვენს საზოგადოებას, ჯანსაღი და გამოწვევებით სავსე. კითხვას – რატომ ნატო? თითქმის ყოველდღიურად ვაწყდები საზოგადოების სხვადასხვა წრეებში. მე ვირჩევ ნატოს, რადგან სწორედ ეს არის ჩვენთვის ევროპული ოჯახის კარის გასაღები.
ნატო არის ორგანიზაცია სადაც არამარტო დაცული იქნება ჩვენი უსაფრთხოება, არამედ უკეთ გავიაზრებთ და გავისისხლხორცებთ ევროპულ ფასეულობებს. განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები, სრულყოფილი თავდაცვის სისტემა, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება, აი ეს არის ნატო.
რომ გადავხედოთ საბჭოთა კავშირის დაშლისა შემდგომ საქართველოს ისტორიას იგი სავსეა ნეგატიური მოვლენებით, იქნება ეს ლეგიტიმური ხელისუფლების გადაგდება, სამოქალაქო ომი თუ კლანური მმართველობა. მე 21 წლის ვარ და არ მაქვს სურვილი მომდევნო წლებში ძალის მიერი გზებით ვაგდებდეთ და ვირჩევდეთ ხელისუფალს და ეს ხდებოდეს ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ. ვარ სტუდენტი და ვფიქრობ რომ ნატო ჩვენთან არ მოვა, ეს არის მიზანი რომლისკენაც ჩვებ უნდა ვისწრაფოდეთ რათა უფრო სწრაფად განვვითარდეთ და ვიყოთ მეტად დაცულები. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წილი აგური უნდა ჩავდოთ ამ მიზნის მიღწევის საქმეში, რათა რაც შეიძლება მალე შევაღოთ ევროპული ოჯახის კარი და დავიმკვიდორთ იქ და საერთაშორისო პოლიტიკაში ჩვენი ადგილი.
არ არის ეს ყველასთვის მარტივი აღსაქმელი და ზოგჯერ ამიტომაც გვესმის ზოგიერთი თანამემამულისგან ამ საკითხის გაუაზრებელი დაკნინება, რომ ნატოს გარეშე არსებობდა და კვლავაც იარსებებს ქართველი ერი. მათ რომ კარგად იცოდნენ საქართველოს ისტორია, არ გაუჭირდებათ მიხვედრა რომ ამდენი ჭირ-ვარამის გავლა ჩვენ ქვეყანას სწორედ იმიტომ მოუხდა რომ არ ყავდა ძლიერი და საიმედო მეგობრები. ნატო ჩემთვის ასოცირდება სიახლესთან, ეს არის გზა რომელსაც მივყავართ თავისუფალი სამყაროსკენ, მართლაც დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსკენ. მინდა ჩემი შვილები ცხოვრობდნენ ჯანსაღ საზოგადოებაში, სახელმწიფოში სადაც ხალხის აზრი მნიშვნელოვანი იქნება მთავრობისთვის და ხელისუფლება იქნება ხალხზე ორიენტირებული, ქვეყანაში სადაც იქნება მტკიცე დემოკრატიული ინსიტუტები და ადამიანი თავს დაცულად იგრძნობ. ჩვენ ყველას უკეთესი მომავალი გვექნება საქართველოში, რომელსაც ჰყავს ძლიერი ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომლებიც მხარში დაგვიდგებიან და რომლებთან ერთად დგომითაც მოხერხდება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ევროპის უსაფრთხოების განმტკიცება და საერთო ნათელი მომავლის უზრუნველყოფაც. სწორედ ნატოში ინტეგრაცია დაგვეხმარება ამ მიზნების სწრაფად მიღწევაში.