აშშ სამხედრო წვრთნებს რუსეთის მეზობლად ატარებს
ორშაბათს (11 მაისი, 2015), აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაში დაიწყეს ორკვირიანი სამხედრო წვრთნები. ეს ნაბიჯი ალბათ გააღიზიანებს საქართველოს ყოფილ საბჭოთა ბატონ რუსეთს.
დაახლოებით 600-მა ამერიკელმა და ქართველმა ჯარისკაცმა მონაწილეობა მიიღო მანევრებში, რისთვისაც აშშ-ს არმიამ პირველად მოახდინა მთელი მექანიზებული პოლკის, მათ შორის 14 ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლოჯავშანმანქანის, ბულგარეთიდან შავი ზღვის გავლით საქართველოში ტრანსპორტირება.
“ეს წარმოადგენს დიდ ნაბიჯს გადადგმულს ჩვენი წვრთნისა და ჩვენი ძალების ურთიერთავსებადობის ამაღლების მიმართულებით,” განუცხადა ჟურნალისტებს ბრიგადის გენერალმა მარკ ლობენმა, აშშ-ს ევროპული სარდლობის წვრთნების დირექტორმა.

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მაგრამ ამას სასტიკად ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელმაც აწარმოა ხუთდღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს და მხარს უჭერს სეპარატისტულხელისუფლებებს საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
წვრთნები იმართება თბილისთან ახლოს მდებარე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალების ბაზას წარმოადგენდა წინა ათწლეულის დასაწყისში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის საქართველოდან გასვლამდე, რაც ევროპაში შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გახორციელდა.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველო „არ ემზადება ვინმესთან საომრად.“
“ეს არავის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ვემზადებით მშვიდობისთვის,” განუცხადა მან ჟურნალისტებს. “სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული არმია, რომელსაც გააჩნია სათანადო შესაძლებლობები და ამაყია იმით, რომ იცავს ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.”რუსეთს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ჩინეთთან ერთად გეგმავს საზღვაო წვრთნების გახორციელებას, არ მოუხდენია მყისიერი რეაგირება საქართველოში მიმდინარე ამ წვრთნებზე.