რუსეთ-უკრაინა-ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის დოქტორ ეველინ ფარკასის პრესგანცხადება თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ კონსულტაციებზე

დისკუსიის დროს შევთანხდმით, რომ გლობალური უსაფრთხოების არსებული გარემო ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინასა და საქართველოში ეწინააღმდეგება ჩვენ საერთო ხედვას, რომელიც ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შექმნაზეა ორიენტირებული. აშშ მუდმივად მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების განცხადებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში არის ძალიან მტკიცე და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ოპერაციებში, ნატოს სწავლებებში და აგრძელებს ალიანსში ინტეგრაციას.
საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში საერთაშორისო უსაფრთხოებაში მის მიერ შეტანილი წვლილის აშკარა მაგალითია. სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობის მხრივ საქართველო არის მეორე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი – მას მხოლოდ აშშ უსწრებს – ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (Resolute Support Mission) და ამ მისიის ფარგლებში ავღანეთში განლაგებულია დაახლოებით 860 ქართველი ჯარისკაცი. აშშ-ს სახელით მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო საქართველოს მადლობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავღანეთის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
დღეს შეხვედრებისას მქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებისადმი. უელსის სამიტზე ჩვენ ვაღიარეთ საქართველო, როგორც გაზრდილი შესაძლებლობების ფორმატის პარტნიორი (Enhanced Opportunities Partner) და დავამტკიცეთ ნატოს არსებითი პაკეტი საქართველოსთვის, რომელიც შეიცავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის, გაძლიერებული წვრთნებისა და სწავლებების კომპონენტებს, და რომლის მიზანიცაა დავეხმაროთ საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად.
როგორც ამ ძალისხმევის ნაწილი, აშშ აპირებს საკუთარი სამხედრო კონტინგენტით მონაწილეობას მომავალ თვეში დაგეგმილ სამხედრო სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ ( Noble Partner), რომელიც საქართველოს მეთაურობით წარიმართება. ამ სწავლების მიზანია გააუმჯობესოს ქართული და ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფების ურთიერთავსებადობა ნატოს რეაგირების ძალების ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტის სწრაფ განლაგებას იქ, სადაც იქნება ამის საჭიროება. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს საქართველოს, აშშ-სა და ნატოს შორის წლიური ვარჯიშების არსებულ პროგრამას.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ძლიერი პარტნიორობის ერთგული რჩება და მიისწრაფის ორმხრივი სამხედრო ურთიერთობების ყველაასპექტის გაგრძელებისა და განმტკიცებისაკენ. დიდი მადლობა