რუმინეთის საელჩომ თანადააფინანსა კონფერენცია “გზა საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოებისკენ”

მისასალმებელ სიტყვაში რუმინეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა ევროატლანტიკური ფორუმის ლიდერებს ღონისძიების კარგად ორგანიზებისთვის და ისეთ საკითხებზე ფოკუსირებისათვის, როგორებიცაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, ყოველწლიური ეროვნული გეგმის განხორციელება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად რეფორმებისგაგრძელება.
მონაწილეებმა ისაუბრეს ნატოს როლზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის 2014 წლის სამიტის შემდგომ სტატუსზე, მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებზე და იმ შიდა და საგარეო საფრთხეებზე, რომლებიც ემუქრება საქართველოსა და რეგიონალურ სტაბილურობას.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, პარლამენტის, არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს და წარმოაჩენს კონფერენციაზე დამსწრე პირებისა და ორგანიზაციების ხედვის ერთიანობას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.