ლაშა ბაქარაძე, ისტორიკოსი

როგორც საბჭოთა ბავშვს, დაბადებიდან ნატო მესმის სრულიად ნეგატიურ კონტექსტში. იმის მიუხედავად, რომ ნატო რუსეთს მხოლოდ დასავლეთიდან ესაზღვრებოდა, ყოველთვის ჩნდებოდა რუკები, სადაც „წმინდა“ საბჭოთა კავშირი მტრული სახელმწიფოების მიერ ალყაშემორტყმული იყო, როგორ არის ნატოსა და ამერიკის ბაზები საბჭოთა კავშირის გარშემო. რასაკვირველია საბჭოური პროპაგანდა მუდმივად წარმოაჩენდა ამ საშიშროებას, რადგან ასეთი მტრული გარემოცვაა, საბჭოთა კავშირს შესაძლოა რაღაც ემუქრებოდეს, რასაკვირველია ამას შიდა რეპრესიებისთვის კარგად იყენებდენ.
ჩვენ ვხედავთ, რუსეთს დღესაც სრულიად იგივე რიტორიკა აქვს, როგორიც იყო საბჭოეთის დროს, ისევ ალყაშემორტყმული „წმინდა“ რუსეთი, რომელსაც რაღაც საშიშროება ელის გარედან. ასეთი საშიშროების ერთ ნაწილს წარმოადგენს დღევანდელი პროპაგანდით გაჯერებული რუსი ჩვეულებრივი მოქალაქისათვის ისიც, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდნენ.
ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს და რასაკვირველია ეს პირველ რიგში რუსეთთან არის კავშირში, გასაგებია ასეთ სიტუაციაში ქვეყანა ვერ იქნება ნეიტრალური. თუკი არჩევანი არის, ეს არჩევანი კი უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელ ქვეყანას, არის კეთილ სამხედრო ალიანსს, საქართველოსთვის მომგებიან ალიანსსა და ე.წ. ევრაზიულ კავშირს შორის, რომელიც რუსეთის დომინაციის ქვეშ იმყოფება. 200 წლის განმავლობაში ვიყავით რუსეთთან და საქართველოსთვის ეს უკვე გამოვლილი ეტაპია. ცხადია საქართველო ირჩევს იმ გზას, რომელსაც მივყავართ ნატოსა და ევროკავშირის წევრობამდე, სხვა დასავლური სტრუქტურების წევრობამდე. ეს არ არის რაღაც იდეალებზე დამყარებული გადაწყვეტილება, ეს სრულიად პრაგმატული გადაწყვეტილებაა.
ეს არის – კეთილდღეობა, დემოკრატიული სტრუქტურები, სამართლებრივი აზროვნება, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთის ქვეყნებისთვის, ასევე სამხედრო და პოლიტიკური გაერთიანებებისათვის. საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება. დღეს ფართოდაა გაშლილი ანტინატოური, ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდა. ნატო არ უნდა აღიქმებოდეს თითქოს ის მხოლოდ სამხედრო ალიანსია და რომ ამ ალიანსში გაერთიანების შედეგად საქართველოს სისხლის გაღება მოუწევს სადღაც ჩენთვის უცხო ფრონტზე. ნატოს წევრობა იქნება რა საქართველოს თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი გარემოება, ამავე დროს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყანის შიდა სტაბილურობასაც. სწორედ ნატოსთან ურთიერთობის შედეგად ააშენა საქართველომ თანამედროვე ჯარი. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველოა, მას მნიშვნელოვანია ჰყავდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაწვრთნილი და შეიარაღებული ჯარი.
რამდენადაც ეს არ უნდა გვსიამოვნებდეს, ფაქტია რომ საქართველო რუსეთის იმპერიასთან პერმანენტული ომის პირობებში იმყოფება. ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთის ფაქტორიც რომ არ იყოს ისეთი დომინანტური როგორიც დღეს არის, სამხედრო თავდაცვა ქვეყნისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. ვხედავთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და რა შეიძლება მოხდეს ჩრდილოეთ კავკასიაში. შვეიცარიისგან განსხვავებით, საქართველო არ იმყოფება დემოკრატიული და სტაბილური სივრცის შუაგულში. რამდენადაც უსიამოვნო არ უნდა იყოს, ძლიერი ჯარი და კარგად გამართული თავდაცვის სიტემის ქონა საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება მანამდე, სანამ მსოფლიოში არ დამყარდება სრული მშვიდობა, სიყვარული და სითბო, ისეთი გარემო, სადაც რუსთაველის თქმის არ იყოს „მგელი და ცხვარი ერთად მოძოვს“.
საქართველო სტრატეგიული თვალსაზრისით ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უცხო ქვეყნებისათვის და დღესაც ასეთად რჩება. ის არის გარკვეულწილად ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ვფიქრობ ეს ნატოსთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია და არაა გასაკვირი რომ საქართველოსადმი რუსეთსაც ცხოველი ინტერესი რომ აქვს. მეორე მხრივ, ქართველები ადრიდანვე ცნობილნი იყვნენ როგორც კარგი ჯარისკაცები, იმის მიუხედავად რომ შეიძლება სამშობლოსთვის ისე ხშირად არ ებრძოლათ როგორც სხვა ქვეყნებისთვის. მისი სიპატარავის მიუხედვად, იბრძვის რა დასავლეთის მხარდამხარ, საქართველო დღესაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს სამხედრო ოპერაციებში. ასე რომ, ჩემი ღრმა რწმენით, არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მომგებიანი ნატოსთან ურთიერთობა, არამედ ნატოსთვისაც მომგებიანი უნდა იყოს ეს ურთიერთობა და ვფიქრობ ისინი ამას უნდა აფასებდნენ.