ქეთევან იგნატოვა, პუბლიცისტი
მე ვირჩევ ნატოს.
არც პოლიტოლოგი ვარ, არც პოლიტიკოსი, არც არასდროს, არანაირი პარტიის წევრი ვყოფილვარ. მე, სრულიად ტიპიური, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ბავშვობა-ახალგაზრდობა მქონდა. დავიბადე და გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც დისიდენტი არავინ იყო, მაგრამ არც კომუნისტური პარტიის წევრი მყოლია და შესაბამისად, რათქმაუნდა ხმადაბლა, ჩურჩულით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ბებია-ბაბუის რომელი მეგობარი იყო რეპრესირებული, ვის დაუხვრიტეს მშობლები, ვინ გადაასახლეს, ვინ თანამშრომლობდა ენკავედესთან, ვინ იყო ჩეკისტი და ვის, ან ვის შთამომავლებს ბებიაჩემი ქუჩაში პრინციპულად სალამს რატომ არ აძლევდა. გასული საუკუნის ოციან წლებში, მოღალატე ქართველი ბოლშევიკების, მეხუთე კოლონის დახმარებით, ბოლშევიკურ-წითელმა რუსეთმა საქართველო რომ დაიპყრო, ესეც ვიცოდი, თუმცა, გარკვეულ ასაკამდე, ამ ფაქტის სრული ტრაგიზმი არც მესმოდა და გამოგიტყდებით, დიდად არც მაინტერესებდა. ამავე დროს, საბჭოთა სკოლაში სულ სხვა ისტორიას მასწავლიდნენ… სკოლიდან ვიცოდი, რომ რუსეთმა შემოგვიტანა ცივილიზაცია, გახსნა სკოლები, დაგვიცვა, გადაგვარჩინა… მასწავლიდნენ, რომ, მაგალითად, კომის საბჭოთა რესპუბლიკაში, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენში, ჩემი დები და ძმები ცხოვრობენ, რომ ჩვენ, ერთი, ყველაზე მძლავრი, დიდი, ნათელი, ბედნიერი სამშობლო, საბჭოთა კავშირი გვაერთიანებს, გვფარველობს, გვზრდის.
ახლა, წლების გადმოსახედიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხუთი ათწლეულიდან შემდგარი ჩემი ცხოვრების პირველი ათწლეულები, როგორც ტიპიურ საბჭოთა მოზრდილს ერთი მთავარი შეგრძნება – სიამაყის გრძნობა არასდროს გამჩენია. მე, ეს ფუფუნება, საბჭოეთმა მომაკლო. სულ მცირე ასაკიდან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, მისი ბუნება, ტყეები, მთები, ველები… მიყვარდა ყველა ის ადგილი, სადაც კი ვყოფილვარ, დამისვენია… ვიცოდი ჩემი სამშობლოს უძველესი, მდიდარი კულტურის, ტრადიციის, რთული ისტორიის შესახებ. უსაზღვროდ მიყვარდა ცეცხლოვანი ქართული ცეკვა, ულამაზესი სიმღერა, პოეზია… ამ ყველაფრით გულწრფელად ვამაყობდი, მაგრამ ქართული სახელმწიფოთი სიამაყის შეგრძნება არ განმიცდია. თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს დროშის აფრიალება ჩემში არავითარ ემოციას არ იწვევდა. ათწლეულების მანძილზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაგონებაზე, ფეხზე არც ერთხელ არ ავმდგარვარ… არც მომდომებია, არც მიფიქრია. ჩემმა თაობამ, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა კატაკლიზმა, ყველა ტრაგედია საკუთარ თავზე იგემა. ცხრა აპრილის სისხლიანი ტრაგედია, ქალაქის გულში რუსული ტანკები, რუსი ჯარისკაცების მიერ ნიჩბებითა და მომწამლავი გაზით მოკლული ათეულობით ადამიანი, უმეტესად ქალები. ეროვნული მოძრაობის ხალხმრავალი, ხმაურიანი და არცთუუსაფრთხო მიტინგები. ერში გამოღვიძებული თავისუფლების, დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილი, მუხტი. კომუნისტური რეჟიმის დამხობა. საბჭოთა კავშირის, ამ მონსტრი იმპერიის აგონია და ნგრევა. აფხაზეთის, სამაჩაბლოს, თბილისის, სამოქალაქო ომები. ასიათასობით დევნილი. ყოვედღიური სიკვდილი, ცრემლი, სროლა, სიბნელე, სიცივე, შიმშილი, პურის რიგები… ჩემ თაობას მკაფიოდ ახსოვს ტოტალური კრიმინალი, ადამიანების გატაცება, ყაჩაღობა, ნარკომანია, კორუფცია… გვახსოვს ათასობით დაღუპულის, მოკლულის, ნარკოტიკისგან გაპარულის, დახვრეტილის, დაკარგულის სახელები, გვარები, მაგრამ, არც ამ დროს, არაფრით მახსენდება, რომ რამით, რაც ჩემ, თუნდაც უკვე არასაბჭოურ, უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოს წაროადგენდა – მეამაყა.
უმძიმესი, სისხლიანი, ცრემლიანი, შეცდომებითა და დაბრკოლებებით აღსავსე ათწლეულების გავლით, დღეს, ჩვენ დამოუკიდებელ, თავისუფალ, დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელწიფოში ვცხოვრობთ. ქართული დროშის დანახვაზე, დღეს მე, ერთ დროს სრულიად უცნობი და ახლა კი უკვე შესისხლხორცებული სიამაყის გრძნობა მეუფლება. ჰიმნის გაგონებაზე ამაყად ფეხზე ვდგები და აყოლასაც კი ვცდილობ. დღეს, მე, ჩემი სახელწიფოთი საფუძვლიანი სიამაყის ფუფუნება, როგორც იქნა, მომეცა!
2008 წლის მორიგ, საუკუნიდან საუკუნემდე, ათწლეულდან ათწლეულამდე, სრულიად უცვლელ (მხოლოდ ტანკების მოდელები თუ იცვლება) აგრესიას, პირადა მე, უკვე სახელმწიფოებრივი სიამაყის შეჩვეულ-გათავისებული გრძნობით შევხვდი.2008-ში უკვე ზუსტად ვიცოდი, ჩეკისტურ-იმპერიული პუტინის რუსეთი რას ებრძვის. ვიცოდი, რომ პატარ-პატარა ქართული სოფლების დაწიოკება-წართმევაზე ბევრად მეტად, რუსეთს სწორედ იმ სისხლითა და ცრემლით, ომებითა და გადატრიალებებით, სიცივითა და შიმშილით, სიმწრითა და შრომით მოპოვებული სიამაყის, ქართული სახელმწიფოს რიგითი მოქალაქის სიამაყის გრძნობის წართმევა, გათელვა, გაუფასურება სურდა. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ, ზღვის პირას ვიდექი და ვუყურებდი, რუსული სამხედრო ბაზა საქართველოს როგორ ტოვებდა. რუსული ტანკები გემებზე როგორ იტვირთებოდა… ეს სურათი, ის უტკბილესი სიამაყის გრძნობა არასდროს დამავიწყდება…
დღეს კი ჩემი მთავარი ოცნებაა, რომ ჩემ შვილებს, ქართველების ბევრ, ბევრ მომავალ თაობას, საკუთარი სამშობლო არამარტო უყვარდეს, არამედ საკუთარი, დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების მქონე, ძლიერი სახელმწიფოთი სიამაყის ფასდაუდებელი ფუფუნება არასდროს მოკლებოდეთ. სახელმწიფოებრივი სიამაყის ერთადერთი, უალტერნატივო, დაცული, გარანტირებული გზა კი, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ თავისუფალი სამყაროსკენ, ევროპისკენ, კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ალიანსისკენ, ნატოსკენ მიდის.