რატი ამაღლობელი, პოეტი
ნატო – ახალი რაინდული ორდენი, რომელშიც საქართველოს სურს ყოფნა.
ბევრი ამბობს, რომ ნატო არ არის მარტო ჩვენი პირადი არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანია და ჩვენ გვსურს რომ ვიყოთ ამ ისტორიული არჩევანის აღსრულების მოწმენი. ეს ყოველი ჩვენთაგანისთვის გამოწვევაა და სურვილი, რომ მოვესწროთ და საქართველო, როგორც მენტალობით, ასევე ფიზიკურად გახდეს ევროპის ნაწილი. ეს არის განვითარების გზა, სხვა გზა არის არსად. ეს გზა განვითარებისკენ და მომავლისკენ არის.
ჩვენ მუდმივად ვფიქრობდით და შეცდომა იყო, რომ ვფიქრობდით რას მოგვცემს ნატო ჩვენ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რას აძლევს საქართველო ნატოს. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია. სამხედრო – ნიშნავს რაღაცის დაცვას, ეს რაღაც ყოველთვის არის ღირებულება, ეს არის სულისკვეთება, ეს არის იდეა. სამხედრო ელემენტი გულისხმობს ამ ღირებულებების დაცვას. ეს არის საზოგადოებრივი, სამოქალაქო, ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები და იდეალები. სამხედრო ნაწილი კი არის ის, რომ ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს. ეს ორი ელემენტი განუყრელია. საკმარისია, ჩვენ დავკარგოთ ღირებულებები, ვეღარც დავიცავთ მას.
საქართველო ნატოს შეძენს იმ ელემენტს, რომელიც არ ქონია მას. ჩვენ უნიკალურები ვართ, ყველა ქვეყანა უნიკალურია, ყველა ინდივიდი უნიკალურია, ყველა კულტურა უნიკალურია, მათ შორის საქართველოც უნიკალურია და ახალ უნიკალურ ელემენტს შეძენს საქართველო ნატოს აღმოსავლეთით და სამხრეთით.
თურქეთი არის წევრი, მაგრამ ამ რეგიონში ევროატლანტიკურ სივრცეს, ევროატლანტიკურ ალიანსს ეყოლება ახალი პარტნიორი, ახალი მეგობარი, ისტორიული, ძველი კულტურის მქონე მეგობარი, ქრისტიანული კულტურის მქონე მეგობარი და კიდევ უფრო მრავალფეროვანს გავხდით მას. ყველანაირი პათეტიკის გარეშე, ოდესღაც დიდი საძმოები, დიდი ორდენები, რაინდული ორდენები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ და დაკავშირებულნი იყვნენ. ნატო, ეს ახალი საძმოა, ახალი რაინდული ორდენი, რომელშიც საქართველოს სურს ყოფნა.
ანტიკომუნისტურ ოჯახში გავიზარდე და მესმოდა ხოლმე ნატოს შესახებ, ეს იყო მაშინ ჩემთვის უცხო პლანეტელი, რომელიც ძალიან შორის იყო. 1989 წელს, 12 წლის ვიყავი, როდესაც მიტინგზე ირაკლი წერეთელი გამოვიდა და თქვა, საქართველოში უნდა შემოვიდეს ნატოს ჯარებიო, მაშინ ეს წარმოუდგენელი რაღაც იყო. პირველად, ასე საჯაროდ, სწორედ ამ მიტინგზე მოვისმინე, ირაკლი წერეთელისგან რომ საქართველოში ნატოს ჯარი უნდა შემოსულიყო, ეს ფანტასტიკის სფერო იყო. ნელ-ნელა რეალობა გახდა. შეიძლება ჯარები არ შემოვიდნენ მაგრამ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპა.
ევროპა არ არის სუპერმარკეტები, მაღაზიები, არ არის მისი მატერიალური მხარე, ესეც არის, თუმცა, ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამის მიღმა არის სწავლა, განათლება, იდეალები, ღირებულებები, ცოდნის დაგროვება, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჩვენ უნდა გავხდეთ ნატო. რომც არსად მიგვიღონ და გაგვაწევრიანონ, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ღირებულებების მატარებლები, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპა, ადამიანი რომ ჩამოვა უნდა თქვას, აი ეს არის ვეროპა, ყველანაირი ოფიციალური წევრობის გარეშე. ბუნებრივია ეს ადრე თუ გვიან მოხდება, ეს ჩვენი გამოწვევაა.
ნატო ეს არის განვითარების ბუნებრივი გზა. აფხაზეთის ომის შემდეგ, როდესაც შენი მეზობელი იქცევა ასე სადისტურად, ამაზრზენად, ბუნებრივი ხდება რომ ეძებო გზა. შეიძლება ეს გზა უფრო შორსაა, გეოგრაფია ვინც იცის, იმან იცის რომ ეს შორს არის, ვიდრე ის მეზობელი, რომელიც 200 წელია გვჩაგრავს.
ოფიციალური განცხადება საქართველოს არასდროს არ ქონდა ნატოსთან, არც შევარდნაძის დროს, საქართველო ტერიტორიებს კარგავდა მეზობელთან ომის გამო. რომ ამბობენ თითქოს მიზეზი ჩვენი ევროპული არჩევანია, ეს ასე არ არის, ყველა ქვეყანას აქვს თავისი არჩევანის უფლება. აფხაზეთის ომის შემდეგ, ბუნებრივი გახდა საქართველო საით შეიძლება წასულიყო და ეს არის ნატო.
საქართველომ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა უკვე ამ არჩევანისთვის და ვფიქრობ ქვეყანა უკვე მწიფეა და მზად არის გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ამას ჭირდება სწორი პასუხი ნატოსგან.