ნესტან (ნენე) კვინიკაძე, მწერალი, პროდიუსერი
ნატო თავისუფლების განსაზღვრებაა
ბრიტანული თეატრის “როიალ ქორთის” თანამედროვე დრამატურგიის ვორკშოპზე, რომელსაც ბრიტანელი დრამატურგები, რეჟისორები და პროდიუსერები ატარებდნენ, მთავარი გმირის გახსნისთვის ასეთი დავალება მოგვცეს: ჩამოგვაწერინეს დაახლოებით ამ ტიპის ორმოცდაათამდე კითხვა: “რამდენი წლისაა”; “რა არის მისი განუყრელი ნივთი”; “აქვს თუ არა ტატუ?”, ამის შემდეგ, შესაბამისი პასუხები უნდა გაგვეცა… ამგვარად, შენი პიესის მთავარ გმირს უფრო ახლოს გაიცნობ, გეცოდინება, მაგალითად, როგორი სიარულის მანერა აქვს მას. როგორია მისი რეაქცია და შეფასება, როდესაც, ვთქვათ, კარი ხმაურით იღება. რომელ საათზე დგება დილით, რისი ჯერა, რა შეიძლება აიტანოს და რას არ გაპატიებს.
პიესას, ისე როგორც ნებისმიერ ნაწარმოებს, და ისე, როგორც ჩვენს რეალობას, ყოველთვის ეტყობა, კარგად იცნობს თუ არა ავტორი/ხელისუფალი მის გმირს/ხალხს. ასევე, კარგად ვიცნობთ თუ არა ერთმანეთს. და რაზეა დამყარებული ეთიკის ის ნორმები, რომლითაც ჩვენ ერთმანეთთან ვურთიერთობთ.
ჩემთვის ნატო თავისუფლების განსაზღვრებაა, როდესაც სხვადასხვა იდეოლოგიის, მრწამსის, სქესის ადამიანები ერთ სივრცეში ურთიერთობას ახერხებენ, როდესაც თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია. როდესაც პატრიოტიზმის იდეა ცდება ორღობულ გაგებას. სადაც ადამიანები ბევრს ფიქრობენ და ამ ფიქრის შედეგად შეცვლა შესაძლებელი ხდება. საქმით როცა ვაფასებთ. როდესაც გრძნობ, რომ შენს უკან ქვეყანა დგას.
ეს იყო ჩვენი მშობლების არჩევანიც: ომების ჟამს, მაინც ჩვენს განათლებაზე რომ ფიქრობდნენ და დანგრეული ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის თუ დათრგუნული “დიდი იმედების” მიუხედავად, სიბნელეში და ტყვიების ზუზუნში მაინც ვაგნებდით რეპეტიტორების მისამართებს.
ჩვენ ეს ავირჩიეთ მაშინ, როცა ჩვენთვის არავის ეცალა. ავირჩიეთ მარტოებმა, მოწყენილებმა და ძალდატანების გარეშე, რადგან ზუსტად ვიცოდით და ვიცით, რომ სხვა შემთხვევაში საფრთხე შეექმნება, არა მხოლოდ მომავალს, არამედ წარსულსაც. დამოუკიდებლობას, რომლის მოპოვებაც ასეთი ძვირი დაუჯდა ოთხმილიონიან ქვეყანას.