ნატო – ჩვენი გადარჩენის წყარო
ჩვენი გადარჩენის, თვითმყოფადობის შენარჩუნების, წინსვლის სათავე, წყარო და საფუძველი ევროატლანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობაა. თვითგადარჩენის ეს სურვილი 25-30 წლის წინ არ დაბადებულა, ეს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. იქედან მოყოლებული, რაც ქართველები ვარსებობთ, სახელმწიფოებრიობის ცნობიერება მეტ-ნაკლებად გაგვაჩნია, ყოველთვის ვიცოდით, რომ დასავლეთი ჩვენი გადარჩენის წყარო და საშუალებაა, ყოველთვის ვიცოდით, რომ დასავლეთშია ის, რაც საშუალებას მოგვცემდა სახელმწიფოდ ვქცეულიყავით.
რა თქმა უნდა დიდი წინააღმდეგობა იყო, ახლაც დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, როდესაც თითქოს ერთი შეხედვით დასავლეთი პასიურობს, თითქოს ისე მყარად მხარს ვერ გვიჭერს, თითქოს განგება გამოცდასაც კი გვიწყობს, ბოლომდე დავრჩებით თუ არა ერთგულნი დასავლური ფასეულობების მიმართ?
საქართველოში, მე-5 კოლონის წარმომადგენლები საუბრობენ: ხედავთ რა გაგიკეთათ თქვენმა ნატომ? 25 წელია გვატყუებენ, ჩემი პასუხი კი ასეთია: 250 წელი რუსი რომ გატყუებს? ეს ასატანია? 25 წელი ვერ მოგითმენია ქვეყნად რომ ჩამოყალიბდე?! რეალურად, ჩამოყალიბდე ისეთ სახელმწიფოდ, რომელსაც ფასი ექნება. ეს ინტერესი ორმხრივია, თუ შენ ხარ დაინტერესებული, მასაც უნდა ჰქონდეს შენ მიმართ ინტერესი.
მე არ ვარ მომხრე წარსულს ხაზი გადავუსვა, ამიტომ მინდა ვთქვა, ნატოსთან მიახლოების გზაზე, საქართველოს სამივე პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი მოიტანა. ზვიად გამსახურდიამ მოგვცა დამოუკიდებლობა, ედუარდ შევარდნაძემ დასავლეთს დაანახა ჩვენი არსებობა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელობა შესძინა საქართველოს, როგორც რეალური იდეის განხორციელებას აღმოსავლეთ ევროპაში და დაანახა, რომ ცივილიზებული სამყაროსთვის ნატო მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ამის არ დანახვა შეუძლებელია. დღევანდელ ხელისუფლებას რაც შეეხება, ვერ გეტყვით რას დაანახებს, მაგრამ დეკლარირებულად მაინც აცხადებენ, რომ ნატოსკენ აქვთ მიდრეკილება, მიუხედავად მათშივე არსებული აბსოლუტურად საპირისპირო აზრებისა, ეს მაინც მომწონს.
ნატოსთან და ევროატლანტიკურ სამყაროსთან ჩვენი ინტეგრაცია, ეს აუცილებელია ჩვენი რეალობის, მეობის შენარჩუნებისა და წინსვლისათვის. სწორედ აქ არის ის ადამიანური ფასეულობები, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, პასუხისმგებლობითი ცნობიერების ჩამოყალიბება, რომელიც დასავლეთს ახასიათებს და ამას ათასწლეულების განმავლობაში აყალიბებდა. ჩვენ, ორგანულად ყოველთვის ვეკუთვნოდით ამ სამყაროს და ვფიქრობ, ჩვენ ეს იდეალები არ უნდა დავთმოთ, თუ ამ იდეალებს დავთმობთ, მაშინ დავთმობთ ქართველობას. ვინც არ უნდა გვითხრას, რომ არ გვინდა ნატო და ევროატლანტიკური არჩევანი, ჩვენ უნდა ვიყვიროთ – გვინდა. თუ თვითონ ისინი გვეტყვიან, არ გვჭირდებით, ჩვენთვის ტვირთი ხართ, ჩვენ უნდა ვთქვათ -არა, ჩვენ გვჭირდებით. გაუთავებლად უნდა ვაკაკუნოთ ნატოს კარზე და იგი აუცილებლად გაიღება.
ნატო, ეს არა მხოლოდ სამხედრო ორგანო, არამედ უმეტესად სამოქალაქოა. ეს არის დასავლური ფასეულობები, რომლისკენაც მივისწრაფით.
საქართველოს რეალურ რუკას რომ შევხედოთ, ის თითქოს გარკვეული არსებაა, რომელსაც დასავლეთისკენ ხახა აქვს დაღებული. საქართველოს რუკის მოხაზულობა განასახიერებს აღმოსავლეთ-დასავლეთ ორიენტაციას, მისი სასიცოცხლო ორიენტირი აღმოსავლეთ-დასავლეთია, ეს თითქოს ნატოსკენ გახსნილობა და ღიაობაა.
ნატოში გაწევრიანება მხოლოდ სამხედრო გაერთიანებას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ადამიანის პიროვნულ და ინდივიდუალურ თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, საბაზრო ეკონომიკას, ღიაობას, სოციალურ დაცულობას, გარანტიებს და ა.შ. აი ეს არის ჩემთვის ნატო და დასავლეთი, უკეთესი არაფერი ვიცი.
ნატოსთვის საქართველო იქნება, პირდაპირი გაგებით, დასავლური ფასეულობებისა და კულტურის დესპანი აღმოსავლეთში.
მაგალითად აბო თბილელის ცხოვრებაში, იოანე საბანისძე, საქართველოს ახსენებს და განსაზღვრავს სიტყვებით „ყურეი ქვეყნისა“, ეს ნიშნავს ევროპული, ცნობიერი, კულტურული, ინტელექტუალური ქრისტიანული სამყაროს ზღვარი. ამის იქით უკვე ის სამყარო იწყება, რომელიც მენტალობით სხვა არის. სწორედ „ყურეი ქვეყნისაი“ არის ძირითადი ფორპოსტი, ანუ ორი დაპირსპირებული იდეის, წარმოდგენის თუ ტრადიციის შეჯახების ადგილი. რა თქმა უნდა დღეს ეს ასეთ კონფრონტაციულ რეჟიმში არ უნდა აღვიქვათ, მაგრამ თუ შევხედავთ ჩრდილო-აღმოსავლეთ მეზობელს, აღმოვაჩენთ თითქმის იგივე დამოკიდებულებას. ასე რომ დასავლეთისთვის საქართველო გარკვეული ფარიც და ზღვარის არის.
ჩემ ბავშვობაში ნატოს შესახებ მხოლოდ ლანძღვა-გინებას თუ გაიგებდი. ხშირად ვუყურებდი ფილმებს, გადაცემებს, ხშირად ხატავდნენ ნატოს კარიკატურებს, როგორც გასიებულ კაცს სიგარით პირში, ქუდზე დოლარით და ხელში აურაცხელი ტანკებითა და იარაღებით. ვარშავის პაქტის დროს გავიგე პირველად ნატოს შესახებ. საბჭოთა კავშირში ხალხი შეკრიბეს, სატელიტი ქვეყნები და ვარშავის ხელშეკრულება უპირისპირდებოდა ნატოს. მაშინ პატარა ვიყავი და ვხვდებოდი, რომ მთლად ასეთი ცუდი ბიძიებიც არ უნდა ყოფილიყვნენ. დროთა განმავლობაში ეს უფრო ჩამოყალიბდა.
ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ვიცოდი, რომ იქით უფრო უკეთესია ვიდრე აქეთ. მე-6 კლასში მივხვდი საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ნაკრები ჩემი ნაკრები არ იყო, ამას მივხვდი და ეს კარგი რამ იყო.
საქართველო ნატოსკენ მიმავალი გზით უნდა წასულიყო, ეს მაშინ მივხვდი, როდესაც გავაცნობიერე არ შეიძლებოდა ჩემი თვითრეალიზება მომხდარიყო იმ სამყაროში, რომელსაც საბჭოთა კავშირი და რუსეთი ჰქვია, თუმცა პირად ურთიერთობებში რუსი არ ტოვებს ცუდ შთაბეჭდილებას, მაგრამ მისი კოლექტიური ცნობიერება საშინლად მთრგუნავს.
ბევრჯერ მომისმენია, ვინ იქნება დამპყრობელი რუსი თუ ამერიკელი არ აქვს მნიშვნელობა, რუსი გვერდით მაინც არისო. უკაცრავად, მაგრამ შენ ამერიკელი ტერიტორიებს არ გართმევს, შენ დასავლელი ტერიტორიებს არ გართმევს, შენ გართმევს რუსი. რუსი ფესვს გიგლეჯდა სახლიდან, მემგონი ამერიკელი, ფრანგი და გერმანელი არ გყრის სახლიდან არა?
ნატო სწორედ ის გრანტიაა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ტერიტორიული პრობლემები არ არის (თურქეთზე და კვიპროსზე ახლა არ ვისაუბრებ, ეს ისტორიული პრობლემაა, მეტ-ნაკლებად ჩამქრალი და ისინიც დალაგდებიან). რადგანაც ნატო დემოკრატიული ფასეულობების მატარებელია, ადამიანების უფლებებიდან დაწყებული, სახელმწიფოებრიობის, ეროვნული დამოუკიდებლობის და თვითგამორკვევის თვალსაზრისით, ბუნებრივია ეს ყველანაირად უფრო მეტ გარანტიას გვაძლევს, ვიდრე სხვა რაიმე ფორმა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ასე იყო,
ისიც ძალიან მეამაყება ჩვენი მეომრები ასე ღირსეულად მონაწილეობენ სამშვიდობო ოპერაციებში. ხშირად მომისმენია მე-5 კოლონის ტვინმოწამლული ადამიანებისგან, რა უნდათ ჩვენ მეომრებს სხვის ომშიო? უკაცრავად, მაგრამ მთელი 80 წელი სხვის ჯარში არ ვიმსახურეთ? რამდენი ქართველი ბიჭი შეაკვდა ცრუ, კომუნისტურ, ე.წ. იმპერიალისტურ იდეალებს. მეორე მსოფლიო ომის დროს პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი ქართველებს შორის დაიღუპა. რომელ ომებში იბრძოდა დემეტრე თავდადებული? ვისი ომი იყო? მონღოლების, ქართველების ომი ის არ იყო, თან ისე რომ ეს ყველაფერი მონღოლებს მიეწერებოდა, რუსებს მიეწერებოდა. პეტრე ბაგრატიონი რუსის ჯარში იბრძოდა, რუსი გენერალია. სტალინი რა ქართველია? ეს არის რუსეთის დიდი მმართველი, იმპერიული ცნობიერების მატარებელი. ძლივს საქართველოს დროშის სახელით გამოდიხარ, საქართველომ აჩვენა რომ იგი სამყაროს სჭირდება. თუ შენ აჩვენებ, რომ არაფრის მაქნისი ხარ და არავის ჭირდები, ვინ შეგამჩნევს ერთ პატარა, სამყაროს მცირე ნაგლეჯს?
ჩემი აზრით, სწორედ აქ არის თვითგადარჩენის, ერთადერთი გზა. უნდა ვიყვიროთ და გაუთავებლად ვუკაკუნოთ ნატოს კარზე.
გია ბუღაძე, მხატვარი