ნატოს გენერალური მდივანი: “თუკი ჩვენ გავაღრმავებთ ერთობლივ მუშაობას, ნატო და ევროკავშირი ბევრის მიღწევას შეძლებს“
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხდა, რომ ის არის “ევროკავშირსა და ნატოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მხარდამჭერი” და ფიქრობს რომ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება “თუკი გაღმავდება ერთობლივი მუშაობა.” მან ეს განცხადება ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბ-მა სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ევროკაშირი და ნატო “ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა განსხვავებული ამოცანებითა და პასუხისმგებლობებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენ ვართ ორი ორგანიზაცია რომლებსაც გვაქვს საერთო ღირებულებები და ერთიდაიგივე უსაფრთხოების გარემო და ვდგევართ იდენტური გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე.”
“მუდამ მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ახლა გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ჩვენი უსაფრთხოების გარემო ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. ჩვენ ვხედავთ ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ისინი მოდიან აღმოსავლეთიდან, როგორც რუსეთის მზარდი აგრესიული ქმედების, რომელიც პასუხისმგებელია აგრესიაზე უკრაინაში. საფრთხეები და გამოწვევები მოდის ასევე სამხრეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან, არეულობის, ბარბაროსული ძალმომრეობის, და ჩვენ საზღვრებთან ახლოს ISIL-ის ტერორისტული ქმედებების სახით“, აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.
ბ-მა სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა სამ ძირითად სფეროს, სადაც ის ხედავს ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაზრდის დიდ პოტენციალს. პირველი სფერო არის „მდგრადობის გაზრდა ერთობლივად ჰიბრიდული ომისნაირი ახალი საფრთხეებისაგან თვადაცვის გაძლიერების საშუალებით.” მეორე არის „მდგრადობის გაზრდა ჩვენ მეზობლებთან ერთად, – აღმოსავლეთსა და სამხრეთში.” მესამე არის “თავდაცვაში ინვესტირება.”