ლაშა ბუღაძე, მწერალი
ნატო – სხვა გამოსავალი არ არის!
ცხადია, ნატო ჩვენი არჩევანია, არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული არჩევანი. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. უსაფრთხოება ეხება ყველა ჩვენგანს, ჩვენ ოჯახებს, ჩვენ აწმყოსა და მომავალს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს სერიოზული საფრთხეები. გორის გზიდან კარგად ჩანს ეს საფრთხე, რომელიც თვე არ გავა კიდევ უფრო საგრძნობი რომ არ გახდეს საზღვრების გადაწევა – გადმოწევით.
ამ გაერთიანების ღირებულებით და ისტორიულ შემადგენელს რომ დავანებოთ თავი, ეს არის უშუალოდ ჩვენი დაცვის, გადარჩენის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსი.
ნატო, თავის დროზეც იმიტომ შეიქმნა, რომ რკინის ფარდის ჩამოშვების შემდეგ ყოფილიყო ერთგვარი საპირწონე სტალინის საბჭოთა კავშირისა. მანამდეც იყო რკინის ფარდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა გარკვეულწილად შეცვალა პარადიგმა და მოკავშირეებად იქცნენ ადამიანები, ქვეყნები. რომლებიც იდეოლოგიურად და პოლიტიკურად სრულიად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. მაგალითად, დასავლეთი და საბჭოთა კავშირი, რათა წინააღმდეგნი ყოფილიყვნენ და აღდგომოდნენ, ასე ვთქვათ, ნაცისტური გერმანიის ექსპანსიას. მაგრამ შემდეგ ბუნებრივია სტალინის საბჭოთა კავშირი იყო აბსოლუტურად იგივე, რაც ნაცისტური გერმანია თავისი მსხვერპლით, დიქტატურით, ყველა იმ კომპონენტით, რაც ახასიათებდა ნაცისტურ რეჟიმს. ამიტომ ნატო იყო ღირებულებითი ერთიანობა, თავისუფლება, არჩევანის უფლება და სხვა.
ნატო, ეს არის იდეოლოგიური, ღირებულებითი მოვლენა და ამ იდეოლოგიაში იგულისხმება არა რაღაც პროპაგანდა, არამედ რეალური თავისუფლებები, კონკრეტული მოქალაქის დაცულობა, ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა, პოლიტიკური არჩევანის თავისუფლება, არჩევითობა, დემოკრატია, როგორც გარანტია ამ არჩევითობისა და სხვა.
საქართველოსთვის ეს არის დაცულობის მომენტი, ერთი დიდი ოჯახის წევრობა, როცა დასავლური ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ხდები. საქართველომ უკვე შეიტანა დიდი წვლილი და ბევრი გაიღო, თუნდაც ავღანეთში ქართველი სამხედროების ბრძოლა, რაც სამხედრო კომპონენტისათვის მნიშვნელოვანია. ამ საკითხს კრიტიკოსებიც ჰყავს. არავის მოსწონს ქართველი სამხედროების ასეთი საფრთხის წინაშე დგომა, მათ შორის მეც, მაგრამ სამწუხაროდ ქართველების ისტორია ასეთია, პატარა ერის ბედი ასეთია.
ყოველთვის, საქართველოს ისტორიის მანძილზე, ჩვენი სამხედროები, ჯარისკაცები სხვადასხვა დროს დიდი გაერთიანებების ქვეშ იბრძოდნენ. მაგალითად, იყო ბიზანტია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯვაროსნებთან ჩვენი ურთიერთობები, ოსმალეთის ქვეშაც ვიბრძოდით, სპარსეთის ქვეშაც ვიბრძოდით, უმეტესად ვიღებდით სხვის ომში მონაწილეობას, ხშირად ეს მსხვერპლი სრულიად გაუმართლებელი იყო, ჩვენ ეს არ გვეხებოდა.
ამ შემთხვევაში, ნატოს ეგიდის ქვეშ, ქართველი სამხედროების ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა, ეს არის ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად გარკვეული გარანტიების გამაგრება, რომ სიბნელე არ შთანთქავს უფრო ცივილიზებულ ნაწილს, ამ მხრივ ჩვენც ამის მონაწილენი ვართ. სხვა მხრივ, საზოგადოებრივი თვალსაზრისით, იმ ადამიანებს, რომელთაც იციან რეალურად რა არის ევროპა, რა არის დასავლური ღირებულებები, ჭირდებათ მუშაობა საზოგადოებასთან, საუბარი, ახსნა-განმარტება.
ჩვენთან ბოლო წლებში ევროპული ღირებულებების დევალვაცია მოხდა, სადაც რეალურად მოწოდებული იყო ევროპა ისე, როგორც ამას აწოდებდნენ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები. სინამდვილეში, ევროპა არის ძალიან მრავალგვაროვანი, ევროპა გულისხმობს თავისუფლებას და ეს არ არის ერთ ყალიბზე გამოჭრილი მასა, რადგან ევროპა არის იტალიაც და ევროპა არის შვედეთიც, გერმანიაც, ესპანეთიც, ეს სრულიად სხვადასხვა სახის „ევროპებია“. მათი გამაერთიანებელი კომპონენტია – დემოკრატია, როგორც საუკეთესო მმართველობის ფორმა, რომელიც სათავეს ძველი საბერძნეთიდან იღებს, და რომელიც არის გარანტია კონკრეტული ადამიანის უფლებების. ამ გარანტიას ევროპა იცავს, აქ ადამიანები კანონებს საკუთარ თავზე არ ირგებენ. ჩვენი ხელისუფლებების პრობლემაც იყო და ახლაც არის, რომ ფიქრობენ თითქოს რაღაც საქმეებს გავაკეთებ, მიზანს მივაღწევ და შემდეგ ერთ დღეში გავხდები დემოკრატი, როდესაც საქმე გაკეთდება უცებ გავიღვიძებ და გავხდები დემოკრატი. ეს ასე არ არის. ამიტომ, სამწუხაროდ ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს ევროპულ არჩევანს.
ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას აქვს ბრძნული დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მომავლის მიმართ, მაგრამ სკეფსისი არსებობს, მას უნდა გააზრება და სწორი ოპონირება.
90-იანი წლებში, ჯუმბერ პატიაშვილის მმართველობის ხანა იყო, როდესაც რუსთაველზე, მიტინგზე, ერთ-ერთი ლიდერისგან პირველად გავიგე ნატოს შესახებ, თუ არ ვცდები ირაკლი წერეთელი იყო. მან წამოიძახა ძალიან აქტუალური ლოზუნგი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვონ საქართველო და საქართველო ნატოს უნდა შეუერთდეს. სახელიც ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის და პირველად, სწორედ მაშინ გავიგე ნატოს შესახებ.
შევარდნაძის მმართველობის დროს, როდესაც დაიწყო მეტ-ნაკლებად ფრთხილი მოძრაობა, ახლა რომ ვუყურებ, გარკვეული თვალსაზრისით თანმიმდევრული მოძრაობა და მაშინ გამოჩნდა, რომ ნატო არის ხსნა საქართველოსთვის. სააკაშვილის მმართველობის დროს ამან უკვე აქტუალობა შეიძინა. როდესაც ნატოში გაწევრიანების თემა გახდა აქტუალური, ბევრი სპეკულაციაც მოყვა ამას, მაგრამ ეს იყო მართლაც ჩვენი არჩევანი და დღემდე ასეა. სხვა გამოსავალი არა რის და სრულიად სხვანაირი იქნებოდა პარადიგმა, თუნდაც იგივე საბჭოური ამბიციებით შეპყრობილი დღევანდელი პუტინის რუსეთისათვის. რუსეთის ქმედება იქნებოდა სრულიად სხვანაირი უკრაინასა და საქართველოს რომ გამართლებოდა და ყოფილიყვნენ ნატოს წევრები, მაგრამ თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინული რევოლუციის შემდეგ, ეს შანსი ხელიდან გაუშვა და მე ვფიქრობ ამ კუთხით ჩვენც შეცდომები დავუშვით.
ნატო ჩვენი არჩევანია, არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული არჩევანი.