ია ფარულავა, მსახიობი
ნატო- თავისუფლების გარანტი
ნატო ჩემთვის არის ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორი. უფრო კონკრეტულად, ნატოსთან თანამშრომლობა, კერძოდ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად აისაფის პროგრამაში აძლიერებს საქართველოს ქართულ არმიას, ზრდის და ამაღლებს საქართველოს არმიის ბრძოლისუნარიანობას. საქართველოს არმიის სიძლიერე ეს არის წინაპირობა საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებისა. ამავდროულად ეს არის გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე და, ზოგადად, კავკასიაში ბიზნესის დაცულობის, ტერორიზმის საფრთხეების თავიდან აცილების, რუსეთის აგრესიული ზრახვების შეკავებისა და საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უმნიშვნლოვანესი ქვეყნის, შესაძლებლობების გაზრდის.
ნატო თავისთავად ეს არის ორანიზაცია, რომლის როგორც წევრობა, ასევე პარტნიორობა გულისხმობს დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობას, საზოგადოების მეტ ლიბერალიზაციას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას. ეს ყოველივე კი აუცილებელია პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე.
მე ნატოს განვიხილავ არა პირდაპირ გარანტორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, არამედ ნატოსთან ურთიერთობაში ვხედავ საშუალებას, რომ უფრო დაცული იყოს საქართველოს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, თავიდან აცილებულ იქნას ის საფრთხეები, რომლებიც დღეს და სამომავლოდ საქართველოს ემუქრება მისი ტერიტორიების ოკუპანტ რუსეთის ფედერაციისაგან.
რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და დომბასი, არამედ რუსეთის მიზანია გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ევრაზიაზე თავისი ძველი საბჭოთა პერიოდისდროინდელი გავლენის დაბრუნება. შესაბამისად რუსეთი ცდილობს თავის სატელიტებად აქციოს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, არ დაუშვას მათი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და რუსეთის არცერთი ალტერნატიული ევრაზიის დამაკავშირებელი მაგისტრალის არსებობა.
ვინაიდან საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა და საქართველოსა და კავკასიაზე გადის რუსეთის ალტერნატიული ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მაგისტრალი, ამიტომ რუსეთი სეპარატიზმის გაღვივებით, დესტრუქციის ექსპორტით, პირდაპირი აგრესიით, ფინანსური მანიპულაციებით და ა.შ ცდილობს არამარტო თავის სატელიტად გადააქციოს საქართველო, არამედ საერთოდ ბოლო მოუღოს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ის მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან წაშალოს როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სუბიექტი პოლიტიკური ერთეული.
ამიტომაც ჩვენთვის, დღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და საქართველოზე გამავალი სტრატეგიული გზების დაცვა. ეს ყოველივე კი პირდაპირპროპორციულია საქართველოს სამხედრო ძლიერებისა, ხოლო საქართველოს სამხედრო ძლიერება კი მხოლოდ ნატოსთან და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან მაქსიმალური თანამშრომლობითა და ინტეგრაციით მიიღწევა.
დიახ, ნატო მესმის, როგორც ჩემი ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით.