ექსპერტთა კონსულტაციები საქართველოს 2015 წლის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე
2015 წლის 12-13 თებერვალს გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე: „საქართველოს ევროატლანიკური მისწრაფებანი: ექსპერტთა კონსულტაციები საქართველოს 2015 წლის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაზე (ANP)“. სემინარს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დახმარებით ორგანიზება გაუკეთა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და რუმინეთის საელჩომ, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩომ საქართველოში. 2015 წლის ყოველწლიური ეროვნული გეგმა მეშვიდე დოკუმენტია რომელიც საქართველომ და ნატომ დაამტკიცეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და ქართული მხარის მიერ მომზადებულ 2015 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტის პროექტზე საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვა დაახლოებით 70 ექსპერტმა და ოფიციალურმა პირმა საქართველოდან და ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ასევე ნატოს საერთაშორისო შტაბისა და საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა. გახსნის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მონაწილეობისა და ყოველწლიური პროგრამის პროექტის დახვეწაში წვლილის შეტანისათვის. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ხსენებული პროგრამის პროექტი, ისევე როგორ წინა დოკუმენტები დადებით შეფასებას მიიღებს მოკავშირეების მხრიდან.
სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. უკვე მესამე წელია, რაც მინისტრი აურესკუ ესწრება ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განსახილველ საერთაშორისო სემინარს, რითაც გამოხატავს საქართველოს შიდა რეფორმებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას. ხაზი გაესვა რუმინეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს როლს, რომელიც უკვე მეორე ვადით ასრულებს ამ ფუნქციას (2015-2016), როგორც შემადგენელ ნაწილს იმ მცდელობებისა, რისი საშუალებითაც რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებასა და სახალხო დიპლომატიის ეფექტურობის ამაღლებაში.