ეკა მიშველაძე, ჟურნალისტი
რატომ ნატო? – არ მეგონა თუ დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კიდევ დაგვჭირდებოდა და იმის მტკიცება თუ რატომ ნატო?! თითქოს პასუხი მარტივია, მაგრამ სამწუხაროდ როგორც აღმოჩნდა, ყველასთვის არა. არადა თითქოს ყველაფერი ნათელია, თითქოს ეს ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს – როდესაც თავს ვიმტრევდით იმაზე ფიქირთ, თუ სადაა ჩვენი ანუ საქართველოს ადგილი, როგორ გავხდეთ უფრო დაცული, როგორ დავიხსნათ თავი აგრესიული მეზობლისგან, როგორ ვუზრუნველყოთ ჩვენი, ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო მომავალი… ამ კითხვას პასუხი წლების წინ გავეცით, ყველამ ერთად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. გავეცით, გააზრებულად, გაცნობიერებულად და უკეთესი მომავლის იმედით…
ჩვენ მაშინაც გვჯეროდა და ახლაც გვჯერა, რომ ამ ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, სიმშვიდისთვის, უსაფრთხოებისთვის, დაცულობისთვის, წინსვლისთვის გზა, ევროატლანტიკურ ინტერგაციაზე გადის. და ეს არ არის ცარიელი და ხმამაღალი სიტყვები, რომელსაც გაუაზრებლად, მხოლოდ ლოზუნგივით ვიმეორებთ… ამაში დავრწმუნდით არაერთხელ, საქართველოს უახლესი (და არა მხოლოდ) ისტორიის მანძილზე.
პირველი რაც საქართველოს, როგორც ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად წარმოდგენისას გვახსენდება – უსაფრთხოებაა. მაგრამ არა იმ გაგებით, რომ ვიღაც – ჩვენზე უფრო დიდი და ძლიერი დაგვიცავს. უსაფრთხოება ჩემთვის ნიშნავს იმ ორგანულ სივრცესთან შერწყმას სადაც ისტორიულად, მენტალურად, ღირებულებების თვალსაზრისით უნდა ვარსებობდეთ, რის ნაწილადაც რეალურად ვგრძნობთ თავს. იქ სადაც პატივს სცემენ შენს დამოუკიდებლობას, შენს აზრს, შენს სურვილებს, შენს ტრადიციებს, შენს სუვერენიტეტს… სადაც არც ცდილობენ ხელოვნურად შეგცვალონ, რაღაც წაგართვან, დაგჩაგრონ, გაგაუფასურონ და დაგანაწევრონ.
ნატო ეს არა არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს არის ერთნაირი ღირებულებების მქონე თავისუფალი ქვეყნების, ერების გაერთიანება, სადაც ყველა სხავდასხვანაირია და პატივს სცემს, უფრთხლდება სწორედ ამ განსხვავებულობას. სვლა ნატოსკენ, კი ნიშნავს ამ იდეალებისკენ სვლას და ამ ღირებულებების ჩვენში დამკვიდრებას, რაც ასე ორგანულია საქართველოსთვის და რის ჩაკვლასაც საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა და დღესაც დიდი ძალისხმევით ცდილობს რუსეთი.
ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, და არა მხოლოდ სამხედრო კუთხით. გაძლიერებისთვის კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, დღეს საქართველოს სჭირდება მეტი განათლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს ცხოვრების მაღალ სტანდარტამდე. სწორედ ამას ნიშნავს ჩემთვის ნატო და ამიტომ ვისურვებდი მეტ ნატოს საქართველოში და მეტ საქართველოს ნატოში!