ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპული არმიის შექმნას ემხრობა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას თავისი საკუთარი არმია, რათა აჩვენოს რუსეთს რომ ის მართლაც მზადაა დაიცვას ევროპული ღირებულებები.
„დი ველტთან“ ინტერვიუში იუნკერმა აღნიშნა, რომ „ევროპისადმი პატივისცემა საგრძნობლად შემცირდა. საგარეო პოლიტიკის კუთხითაც ჩვენ მთლად სერიოზულად არ აღგვიქვამენ.“
მისი თქმით, არმია საშუალებას მისცემს ევროკავშირს „სერიოზული“ რეაგირება მოახდინოს საფრთხეებზე რომელიც ემუქრება მშვიდობას წევრ სახელმწიფოსა თუ მეზობელ ქვეყანაში.
„ევროპული ჯარის შექმნა მისი დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის ვერ მოხერხდება,“ განაცხადა იუნკერმა, რომელიც ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახლავთ. „მაგრამ საერთო ევროპული არმია მკაფიო გზავნილს გაუგზავნის რუსეთს, რომ ჩვენ სრული სერიოზულობით ვეკიდებით ევროპული ღირებულებების დაცვას.“
იუნკერმა დაამატა, რომ ევროპული არმია ნატოსთან „შესაჯიბრებლად” კი არ შეიქმნება, რომლის 22 წევრი ევროკავშირის წევრიცაა, არამედ ევროპის გასაძლიერებლად.
„ევროპულმა არმიამ აჩვენებს მსოფლიოს, რომ მის წევრ ქვეყნებს შორის ომი აღარასოდეს მოხდება.”
საერთო ევროპული არმიის იდეა მრავალი წლის მანძილზე განიხილებოდა, მაგრამ მას ყოველთვის სერიოზულად ოპონირებდნენ, განსაკუთრებით ბრიტანეთში. ერთ-ერთში იმ ორი წევრი ქვეყნიდან (საფრანგეთთან ერთად) რომელიც თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვან მოთამაშედ ითვლება.
მან ეს პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა ამ კვირას.
„გარდიანის“ (Guardian) თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა განაცხადა შემდეგი: „ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია, თავდაცვა არის ეროვნული – და არა ევროკავშირის – პასუხისმგებლობა და არ არსებობს ამ პოზიციის შეცვლისა და ევროპული არმიის შექმნის არანაირი პერსპექტივა”.
ევროკავშირის არმიის იდეამ, ბევრ მიზეზთა გამო ვერა და ვერ მოიპოვა მხარდაჭერა ორგანიზაციის წევრს სახელმწიფოებში. ეს იდეა მიუღებელია იდეოლოგიური, პოლიტიკური, კულტურული და ჩამოყალიბებული ტრადიციიდან გამომდინარე მოსაზრებების გამო.
ევროკავშირის ერთობლივი მისიები საზღვარგარეთ – როგორიცაა სასაზღვრო დახმარების მისია ლიბიაში – 10 წლის განმავლობაში წარმოადგენდა საერთო მისიებს, სანამ საფრანგეთმა 2013 წელს არ გადაწყვიტა მალიში ჯიჰადისტების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია ერთპიროვნულად განეხორციელებინა.
ამასთან, ევროკავშირის საბრძოლო დაჯგუფებები, რომელთა დანიშნულებაცაა სამხედრო კრიზისის დროს სწრაფი რეაგირება, აქამდე არასდროს ყოფილა გამოყენებული.
იუნკერის სიტყვებს მიესალმა გერმანიის თავდაცვის მინისტრი. ურსულა ფონ დერ ლეიენმა გერმანული რადიოს განუცხადა რომ გერმანული არმია მისი აზრით მზად არის “გარკვეულ გარემოებებში” საკუთარი ჯარისკაცები სხვა წევრი ქვეყნის სამხედრო მეთაურობის ქვეშ მოაქციოს. ასეთი ნაბიჯი “გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას” და “გააძლიერებს ევროპულ ღერძს ტრანსატლანტიკურ ალიანსში”.
მან განაცხადა, რომ “ჩვენი, ევროპელების მომავალი არის ევროპული არმიის ყოლა,” თუმცა აქვე დასძინა, რომ “ეს არ მოხდება ახლო მომავალში“.
იუნკერის სიტყვები ევროკავშირის ჯარზე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობაზე გაისმა მაშინ, როცა ევროკავშირმა დაიწყო თავის საზღვრისპირა ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით საკუთარი მიდგომების შეფასება.
გასულ კვირას, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ მისი სამეზობლო პოლიტიკა – ვაჭრობის გამარტივებაზე ფოკუსირებული რბილი პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული სტანდარტების ამაღლების დასასტიმულირებლად – იყო “არაადეკვატური” არაბულ გაზაფხულთან და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან მიმართებაში.
გასულ წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში მისმა ჩართულობამ გამოაჩინა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაძლებლობების ლიმიტირებულობაც.
ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღო სანქციების რამოდენიმე რაუნდი, მაგრამ ის შიგნიდან კვლავ გაყოფილი რჩება და მისი წევრები ვერ შეთანხმებულან, თუ რამდენად მკაცრი პოლიტიკა უნდა გაახორციელოს ორგანიზაციამ რუსეთთან მიმართებაში.
წყარო: https://euobserver.com/political/127914#.VP2ZZImR5oU.facebook