ბაია დვალიშვილი, მსახიობი
მინდა მე ამას მოვესწრო!!!
რამდენიმე დღის წინ, გადაცემა “სხვა შუადღის” ეთერის შემდეგ, სტუდიაში ჟურნალისტმა შემოიყვანა 10-15 გოგონა… ალბათ მომავალი ჟურნალისტები, ჩავთვალეთ ჩვენ. გოგონები სტუდიას ათვალიერებდნენ, იღებდნენ სურათებს, იცინოდნენ… ასე ხშირად ხდება ხოლმე, ეს იყო ერთი ჩვეულებრივი დღე.
შემდეგ ვგებულობთ, რომ ეს გოგონები ოკუპირებული ზონიდან, კერძოდ, გალის რაიონიდან, დიდი სირთულეებით და განსაზღვრული დროით იყვნენ გამოყვანილები. მალე ესეც შეუძლებელი იქნება, ამ ბავშვებზე არ გაიცემა პასპორტები, რადგან ხმის უფლება არ ჰქონდეთ საკუთარ სამშობლოში. სამაგიეროდ ექნებათ ცნობა, სადაც ეწერება რა? – “რომ ის არ არსებობს??”
და ეს ეხება ყველას, ვინც მავთულხლართების იქით დარჩა!
საქართველო, რომელიც ქრება, ნელ-ნელა იშლება სახლები, ეზოები, სკოლები, სასაფლაოები, სახელები, გვარები….
გოგონა, რომელიც მორიდებით მეხუტებოდა და სქელი გრძელი ნაწნავი ჰქონდა, სკოლაში ქართულს კვირაში ერთხელ, როგორც უცხო ენას, ისე სწავლობს.
ნუთუ სურათს როცა დახედავს წლების შემდეგ, იფიქრებს, რომ მე ღირსეულად და დანაშაულის შეგრძნების გარეშე ვიცხოვრე? ან შეიძლება უკვე მეც მავთულხლართებში ვიყო მოქცეული???
ასე აღარ შეიძლება. მე მჭირდება ძლიერ ოჯახში გაერთიანება, ვიყო და ვიგრძნო თავი დაცულად, ვიცხოვრო ღირსეულად და თავისუფლად!
რამდენი რამ გადაგვხდა თავს, რამდენჯერ ვთქვით და შევუძახეთ ჩვენს თავს, გავამხნევეთ ერთმანეთი, ამოვიცანით მტერი და მოყვარე, ავირჩიეთ ევროატლანტიკური სივრცე რომ დიდ დასავლურ ერთობაში ჩვენი ადგილი გვეპოვა. ჰოდა, ნახევარზე მეტი გავლილია ეს გზა და იქნებ არ გადავუხვევთ ამ გზიდან. დღეს, როგორც არასდროს, ისე ჰაერივით გვჭირდება ნატო – დასავლური ცივილიზებული ერთობა.
მინდა მე ამას მოვესწრო!!!