ანანო ბაკურაძე, ჟურნალისტი
მე ვირჩევ ნატოს, იმიტომ რომ პროგრესი მინდა
“რუსეთიდან ევროპაში ჩემი გადასვლა, გავაიგივე შავი გვირაბიდან შუქის გამოჩენასთან.” მარკ შაგალი
იუმორი და გულწრფელობა-ორი რამ, რაც ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას აკლია.
მე კი გულწრფელი ვიქნები.
რატომ ნატო?
იმიტომ ნატო, რომ რუსეთის მეშინია.
მეშინია დაუნდობელი პოლიტიკის, დამპყრობელი ბუნების და მენტალური განუვითარებლობის.
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ევროპაში ვცხოვრობდი, მერე ისე მოხდა რომ მოსკოვში მომიწია მზიანი და სტაბილური ნიციდან გადასვლა. უკვე 6 თვეა მოსკოვში ვცხოვრობ და მგონია რომ ცხოვრების 6 წელი ჩამომაკლდა.
ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, პირველ ადგილას ადამიანის უფლებები დგას. ყოველთვის ვისწრაფვოდი და ვაფასებდი ისეთ სივრცეებს, სადაც ადამიანთა შორის თანაბრობა თითქმის სრულყოფილებამდეა აყვანილი, სადაც ადამიანის უფლებები ზედმიწევნით დაცულია და სტაბილური გარემოა, როგორც ეკონომიკურად, ისე მორალურად. ასეთი სივრცეა ევროპა და მეორე ასეთი სივრცეა ამერიკა. შეიძლება პირველი ამერიკა და მეორე ევროპა, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
ევროპაში ცხოვრებისას, მუშაობისას და მოგზაურობისას მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი სახლი ერქვას იმ ადგილს, სადაც დავიბადეთ, სახლი იქ არის, სადაც თავს კარგად ვგრძნობთ, სადაც მასაში ვპოულობთ თანამოაზრეებს და რაც მთავარია, ვპოულობთ სიმშვიდეს. ევროპა კი ერთი დიდი და დაცული სახლია.
ორჯერ დამისვეს ერთი და იგივე შეკითხვა. ერთხელ ნიცაზე მკითხეს: 10 სიტყვით დაახასიათე ნიცაო.
აი, ჩემი ათი სიტყვა ნიცაზე: ფერადი, ბედნიერება, სტაბილური, სილამაზე, ზღვა, მოხუცები, მზე, სიმშვიდე, მეგობრობა, წესრიგი.
მეორეჯერ მოსკოვზე მკითხეს.
ათზე მეტი ნეგატივი ჩამოვთვალე და უსიამოვნოდ გავჩერდი.
მე როგორც თეთრკანიანი, მე როგორც ჰეტეროსექსუალი, მე როგორც ქრისტიანი, მე როგორც ქართველი, მე როგორც ჟურნალისტი, მე როგორც მოგზაური ვირჩევ შავკანიანებს, ჰომოსექსუალებს, ტრანსვესტიტებს, სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აზროვნების, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა რელიგიის სხვადასხვა მენტალიტეტის ადამიანებს შორის ცხოვრებას ვირჩევ.
ვირჩევ იქ ცხოვრებას, სადაც ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან რიგი მიზეზების გამო და თან არაფრით არ განსხვავდებიან, რადგან პირველ რიგში ყველანი ადამიანები არიან. ისინი არ ახარისხებენ, არ მიაკუთვნებენ ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფებს, ისინი ყველანი ერთ დიდ და თბილ სახლში ცხოვრობენ, სახლში რომელსაც ევროპა ჰქვია!
მე ვირჩევ ნატოს იმიტომ რომ პროგრესი მინდა, წინსვლა მინდა, იუმორი და გულწრფელობა მინდა !