ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება თავდაცვის მინისტრების დონეზე
- ჩვენ შევიკრიბეთ დღეს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში (NGC), რათა განგვეხილა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები.
- ჩვენ შევაფასეთ ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურების მიერ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტის იმპლემენტაცია. ამ პაკეტით გათვალისწინებული ელემენტები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადებაში. ჩვენ ხაზი გავუსვით აშკარა პროგრესს ამ პაკეტის იმპლიმენტაციის საქმეში, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბების, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნისთვის მზადების და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის ჩათვლით. მოკავშირეები გააგრძელებენ მუშაობას საქართველოსთან ერთად პაკეტის ყველა ელემენტის გასახორციელებლად.
- მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრებმა გაიხსენეს რა უელსის სამიტის გადაწყვეტილებები, ის რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბუქარესტის სამიტის შემდეგ და დაუახლოვდა ნატოს ამბიციური რეფორმების განხორციელების საშუალებით, ნატო-საქართველოს კომისიის და ყოველწლიური ეროვნული გეგმის ფორმატების კარგად გამოყენებით; და რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ მოძრაობის გასაგრძელებლად. ნატოელმა მინისტრებმა დაადასტურეს ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურების ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტი და მისი შემდგომი გადაწყვეტილებები.
- ნატოს მინისტრებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, მათ შორის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (Resolute Support Mission) ავღანეთში, რომელშიც აბსოლუტური მაჩვენებლებით საქართველო მეორე კონტრიბუტორია. ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობით, კარგად წარმოჩინდება საქართველოს როგორც ევროატლანტიკურ რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც უსაფრთხოების განმტკიცებაში წვლილის შემტანის როლი. ნატოს მინისტრებმა გამოხატეს მადლიერება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა წევრის მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ ავღანეთში ISAF- ის მისიაში და გულითადად მიუსამძიმრეს ოჯახებს იმ ქართველი ჯარისკაცებისა, რომლებიც დაიღუპნენ ან დაიჭრნენ ამ მისიის დროს.
- საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა მონაწილეობს ურთიერთთავსებადობის პლატფორმაში (Interoperability Platform) რათა ნატოსთან ერთობლივი მუშაობით მოხდეს პროგრესი ურთიერთთავსებადობის კუთხით მიმდინარე დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობაში, რაც წარმოადგენს უელსის სამიტზე დამტკიცებული პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის (Partnership Interoperability Initiative) შემადგენელ ნაწილს. როგორც პარტნიორი, რომელსაც შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ნატოს ოპერაციებში, აქვს მასთან მაღალი ხარისხის თავსებადობა და რომელიც მონაწილეობს ნატოს სხვა მნიშნველოვან ინიციატივებსა და აქტივობებში, საქართველო იღებს სარგებელს იმ გაუმჯობესებული შესაძლებლობებიდან, რომლებიც მიმართულია პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივის ფარგლებში პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
- ნატოს მინისტრები მიესალმებიან საქართველოს მიერ დემონსტრირებულ სტაბილურ პროგრესს ყოველწლიური ეროვნული გეგმის (ANP ) განხორციელებაში, თავდაცვის რეფორმის ჩათვლით. ნატოს მინისტრებმა აღნიშნეს რა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პოზიტიური ტენდენციები, მოუწოდეს საქართველოს გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირება, სასამართლო რეფორმის იმპლემენტაცია, და უზრუნველყოს კანონის უზენაესობის სრული დაცვა.
- ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოში გახორციელებულ ქმედებებს, რომლებიც არღვევენ რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, კერძოდ კი საქართველოს აფხაზეთის რეგიონთან ხელმოწერილ ბოლოდროინდელ ‘შეთანხმებას’. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, რომ მზადდება მსგავსი ‘შეთანხმების’ ხელმოწერა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან. მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რის წინააღმდეგაცაა მიმართული ეს “შეთანხმებები”.ნატოს ქვეყნების მინისტრებმა ასევე დაადასტურეს რომ გაარძელებენ არაღიარების პოლიტიკის გახორციელებას, და კვლავ მოუწოდეს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან. მოკავშირეთა მინისტრები მიესალმნენ საქართველოს აქტიურ და კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში და მოუწოდეს მოლაპარაკებების ყველა მხარეს გამოავლინოს კონსტრუქციულობა, და ასევე გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, გაეროსა და ევროკავშირთან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.
წყარო: http://nato.int/cps/en/natohq/official_texts_117221.htm