ქეთათო პოპიაშვილი, მუსიკოსი
დიახაც ნატო
ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი, როდესაც რეფერენდუმის გზით მხარი დაუჭირეთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს. გულწრფელები ვიყოთ საკუთარ თავთან, ამ გადაწყვეტილებას ხომ ალტერნატივა არ გააჩნია?! როდემდე უნდა გაგვაბითურონ და ფსევდოპრაგმატული მოსაზრებებით გვიქონ არცთუ კეთილმოსურნე უფროსი ძმის ,, მზრუნველი” ფრთის ქვეშ შესვლა ევრაზიულ კავშირში?! ამნეზია ხომ არ დაგვმართვნია?! განა ქვეყნის და თითოეული მისი მოქალაქის არჩევანის თავისეფლებას, ცივილიზაციისკენ სწრაფვას გადაწონის გაპარტახებული ,,იმპერიის” ერთ ადგილში შემყურე დაბეჩავებულის მდგომარეობა? სადაც რომელ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზეა ლაპარაკი? განსხვავებული აზრი განდევნილ-დასჯილია და ჟურნალისტებს განგსტერული წესით უსწორდებიან.
რთული გეოპოლიტიკური განლაგების გამო ამდენი ორჭოფობის უფლება არ გვაქვს! ის, ვინც ჩვენს ტერიტორიალურ მთლიანობას არ ცნობს, გვესვრის და საკუთარი სახლებიდან ყრის მშვიდობიან მოსახლეობას და ვისაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა,( იმედია აშკარაა, რომ რუსეთი აგრესორია ) მისგამ თავი უნდა დავიცვათ, რისი მიღწევაც ცივილიზებული საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შეუძლებელია.
როდესაც ქვეყნის ფუნდამენტალურ საკითხზე, მის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, რომელსაც თუნდაც ბოლო 20 წლის მანძილზე ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ დროს ორჭოფობა,უაზროდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, საზოგადოებაში აღშფოთებას გამოიწვევს.
ჩვენ ჩვენივე ნებით მოვირგებთ როლს ან თავისუფლი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოების, რომელსაც პერმანენტული მუშაობა სჭირდება საკუთარ თავზე, რომელიც თავად აშენებს საკუთარ ქვეყანას და შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობით უდგება ყველა იმ პროცესს, რომელიც მის წიაღში ვითარდება, ან მონების- რომლებიც ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოკლებულნი ჩვენს ავბედითობას სხვას გადავაბრალებთ, ვიტრაბახებთ საამაყო წარსულით და გატრუნულ-გაცვედნებულები შევეგუებით უბადრუკ აწმყოს.