ნატო – ქართული რეალობის სამომავლო ხედვა
“საქართველოს აქვს აუცილებელი საშუალებები ევროატლანტიკური მისწრაფების გახორციელების გზაზე“, – განაცხადა გასულ კვირას საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუმ. ერთი შეხედვით, ქვეყნის ნატოსაკენ სწრაფვა შეუქცევადია და ინტეგრაციის დინამიკა კი მზარდი, თუმცა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში მაინც ჩნდება კითხვა: გვჭირდება ჩვენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია? პასუხი ამ შეკითხვაზე თითქოს ცალსახაა, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით ამ თემაზე კამათი კვლავაც მიმდინარეობს. და მაინც რა ფაქტორები განაპირობებს, რომ დღეს საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, მიილტვის ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისკენ და რამდენად შორეული პერსპექტივაა ნატოში გაწევრიანება?
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ტერიტორიული მთლიანობის საკითხი – ჯერაც გადაუჭრელი რჩება. ამის ფონზე, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა საჭიროდ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედ ამ პრობლემის გადჭრა იყოს. ამიტომ, ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მოტივი საქართველოს მოსახლეობისთვის სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია და მათი რეინტეგრაციაა. ამ თემაზე ბ-ნმა ვერშბოუმაც გაამახვილა ყურადღება, როდესაც აღნიშნა, რომ არ ცნობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობაზე გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულებას და განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჯერ კიდევ 2006 წელს, გამოცემა „ქართული საზოგადოების ღირებულებანის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ჩრდილო-ატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების სურვილის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას მიიჩნევს. არსებობს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს აშინებს, რომ საქართველომ, შესაძლოა, ალიანსის წევრობა სწორედ ამ უშუალო პრობლემის გადასაწყვეტად გამოიყენოს; თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მცდელობაში უსაფრთხოების დღის წესრიგში ეს მწვავედ მდგარი საკითხი ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად გადაწყვიტოს არაფერია დასაძრახი, რადგანაც დიდი სახელმწიფოებრივი გამოცდილების მქონე, კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნებთან თანამშრომლობა ასეთ მწვავე საკითხების გადასაწყვეტად და ასევ უმცირესობებთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი იქნება.
ევროატლანტიკურ სივრცეში ფეხის შედგმის კიდევ ერთი სარგებელი გამოიხატება ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციონლაური განვითარების ხელშეწყობაში. ჯერ კიდევ წევრობამდე, ალიანსთან თანამშრომლობით საქართველოს ეძლევა საშუალება სწრაფად განავითაროს სამართლებრივი სახელმწიფო და ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს პოსტ-საბჭოთა მენტალური სივრციდან.
ნატო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ბლოკიცაა და ის საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული. როგორც მილადა ანა ვახუდოვა თავის ნაშრომში „Europe Undivided” („არადანაწევრებული ევროპა“) გადმოსცემს, საბჭოთა კავშირის დაშლისა და სოციალისტური ბანაკის რღვევის შემდგომ პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი, გარდა თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობისა, ნატოს წევრობის მთავარ კანდიდატებად ალიანსის მიერ მოიაზრებოდნენ იმის გამოც, რომ ისინი ე.წ. „ლიბერალურ“ გზას მიჰყვებოდნენ, რაც, თავის მხრივ, გულისხმობდა ინსტიტუციურ და პოლიტიკურ წესრიგს თითოეულ რესპუბლიკაში – პოლიტიკური კორუფციის ნაკლებობას, პარტიათა თავისუფალ კონკურენციას, ეთნიკური ნაციონალიზმის არქონას, ბიუროკრატიის გამართულად მუშაობა (Vachudova, M. A., 2005, გვ. 135).
მიმაჩნია, რომ ნატოსკენ სწრაფვით ქვეყნისადმი არა მხოლოდ საგარეო მხარდაჭერა ძლიერდება, არამედ სწავლობს, იგი ძლიერდება შიგნიდანაც, რაც გამოიხატება ისეთი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, სადაც ეროვნული ინტერესები მოქალაქეთა ინტერესებთან თანხვედრაშია. “დემოკრატიული რეფორმების გახორციელება, თავდაცვის მექანიზმების მოდერნიზება და გამჭირვალობა, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლური ურთიერთობის დამყარება, სამეცნიერო მიმართულებების წახალისება და სხვა მრავალი დეტალი წარმოადგენს იმ დადებით მხარეებს, რომლებიც ნატო-ში გაერთიანებამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ანანო წიტაიშვილი.
ზემოთ ნახსენები 2006 წლის „ქართული საზოგადოების ღირებულებანი“-ს გამოკითხვის შედეგები, რომელშიც აქტუალურ პრობლემებში უსაფრთხოებას პირველი ადგილი უკავია (ტერიტორიულ მთლიანობაზე წინ დგას), მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა საქართველოს მოსახლეობისათვის მიმზიდველი კონცეფციაა. ამასთან, არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ძალუძს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის საშუალებით ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვა და რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირება ძალზედ შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს.
ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებისა და ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებით, საქართველოს ძალუძს გაძლიერდეს ინსტიტუციონალურად და განვითარდეს დემოკრატიულად, რათა დააკმაყოფილოს ნატო-ში გაწევრიანების კრიტერიუმები და ნათლად დაანახოს მოსახლეობას ამ თანამშრომლობიდან გამომდინარე კონკრეტული სარგებელი. ნატოს ოპერაციებში აქტიურ მონაწილეობასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ეს დააჩქარებს ნატოელ მოკავშირეებში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსის მომწიფებას.
გრიგოლ კალანდაძე
საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათ მიმართულების სტუდენტი და საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრია