მაია გურაბანიძე, ხელოვნებათმცოდნე
რატომ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ნატოს წევრი იყოს?
სადაც პიროვნების უფლებებია დაცული, სადაც ინდივიდს პატივს სცემენ, სადაც კერძო საკუთრება ხელშეუხებელია, სადაც უსაფრთხოებაა, სადაც შემწყნარებლობა, მრავალფეროვნულობა, რწმენის თავისუფლებაა, სწორედ იქ მინდა ვიხილო ჩემი ქვეყანა.
მჯერა, იმ ადამიანების სისხლი, რომლებიც კაცობრიობის უკეთესი მომავლისათვის იბრძოდნენ, ტყუილად არ დაღვრილა, ის მეცნიერები და ხელოვნების ის მოღვაწეები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისათვის რეპრესირებულები იყვნენ, ამაოდ არ გარჯილან, ის გმირები, რომლებმაც თავისუფლებისათვის თავი გაწირეს, ტყუილაუბრალოდ არ დაღუპულან. დაბოლოს, კაცობრიობის მონაპოვარი, რომელიც თავისუფლებას, ძმობას, ერთობასა და ბედნიერებას ქადაგებდა ლიტონი სიტყვები არ ყოფილა! ამიტომ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ნატოს წევრი იყოს, რაგდან მტკიცედ მწამს, მხოლოდ ნატოს წევრობა იქნება ყველაფერი ამის დაცვის გარანტი.
კაცობრიობის ისტორიას როდესაც თვალს გადავავლებ, ჩემს მეხსიერებაში ვინ იცის რამდენი ადამიანი ამოტივდივდება, რომლებმაც სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალეს. ყველას რა ჩამოთვლის, თუმცა, ვეცდები გონება დავძაბო და რამდენიმე მათგანი გავიხსენო: ძვ.წ.აღ. IV საუკუნე, მოხუცი სოკრატე, საკუთარი ნებით აღასრულებს და სისრულეში მოიყვანს თავისი ქვეყნის კანონსა და სასამართლო განაჩენს. ამავე საუკუნეში მოღვაწე, ათენის მმართველი პერიკლე, პირადი ღირსებისა და ადამიანური შეურაცხყოფის მიუხედავად, იბრძვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის. ჯორდანო ბრუნო – ადამიანი, რომელიც მეცნიერული სიმართლის დასადგენად, სიცოცხლის ფასად, ფანატიზმისა და გაუნათლებლობის მსხვერპლი გახდა. მარტინ ლუთერი – კაცი, რომელმაც ადამიანები გაათავისუფლა დოგმატურ-რელიგიური პირობითობისაგან და ყველას მისცა შანსი, უფალთან მისასვლელი გზა თვითონ ეპოვა.
რომელი ერთი ჩამოვთვალო? თუნდაც განმანათლებლები – თავიანთი “თავისუფლების ქარტიით’’ ან საფრანგეთის დიდი რევოლუცია -“ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციით’’. გავიხსენოთ, თუნდაც აშშ-ს დამაარსებელი მამები, რომლებმაც კონსტიტუციურად დააფუძნეს ყველა ის ძირითადი ფასეულობა, რაზედაც პროგრესული საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდა. მაჰათმა განდი – შიშველ სხეულზე დჰოტშემოხვეული ბრძენკაცი, რომელმაც კაცობრიობას ძალმომრეობის წინააღმდეგ ბრძოლის მშვიდობიანი და ზნეობრივი მაგალითი უჩვენა, ჩვენი ილია, ერის მამა, რომელმაც საქართველოს უკეთესი მომავლისათვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ზემონახსენები ადამიანები, ყველა ის სანუკვარი და ფასეული მონაპოვარი, რომლებიც სისხლით, თავგანწირვით, ღირსების შელახვის ფასად მოუპოვებია კაცობრიობას, სწორედ ამ მონაპოვარის სადარაჯოზე დგას `ნატო’’. გახდე ნატოს წევრი, ნიშნავს გახდე პროგრესული სამყაროს ნაწილი. აი, რატომ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ნატოს წევრი იყოს.