თამუნა შენგელია, მუსიკოსი
ჩემს ცნობიერებაში სახელმწიფო შემოვიდა 5-6 წლის ასაკში და გამოიკვეთა მტრად, უხილავ მონსტრად, რომელიც გაშინებდა, გითვალთვალებდა, გსჯიდა, გიკრძალავდა, გზღუდავდა, გთრგუნავდა. მთრგუნავდა ყველაფერი, რასაც სახელმწიფო მთავაზობდა და მიდგენდა ცხოვრების ნორმად: ცივი და უხეში ქსოვილისგან შეკერილი სკოლის ფორმა, დაბალჭერიანი ბინა, ტელევიზია, წიგნი, სათამაშო, სადარბაზო, ყველაფერი, რასაც ყოველ დღე ვეხებოდი იყო უხარისხო, უგემური, უფერული, უინტერესო, ყალბი, კომფორტს და სილამაზეს მოკლებული. რაც დრო გადიოდა, სახელმწიფო უფრო მრავალფეროვნად ამჟღავნებდა ტერორს და სისასტიკეს. ადამიანს სახელმწიფო ებყრობოდა სიძულვილით, როგორც მტერს, თან ისე დამაჯერებლად, რომ კომპლექსი, აუხსნელი განცდა, რომ დამნაშავე ვარ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მათი წარმომადგენლების წინაშე დღემდე გამომყვა.
მოგვიანებით გავიგე თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს სახელმწიფო – საბჭოთა კავშირი, გავიგე სიტყვა ოკუპაცია, ანექსია ტოტალიტარიზმი და ა.შ. შევიტყვე ადამიანების და ოჯახების დახვრეტის, გადასახლებების შესახებ, გავიგე თუ რა დაედო საფუძვლად სსრკ-სა და “მოძმე” სახელმწიფოების “მეგობრობას”, ისიც გავიგე, რომ ფაშიზმთან მებრძოლი კეთილშობილი წითელი არმია არც ისე კეთილშობილია. სულ მალე ეს წითელი არმია,საშიში და შემზარავი, საკუთარი თვალით ვნახე თბილისის ქუჩებში, 9 აპრილის დილას. გავიგე რომ თურმე არსებობს “სიტყვის თავისუფლება”, მოგვიანებით მისი მნიშვნელობაც გავიაზრე. ყური მოვკარი სიტყვათა წყობას “ადამიანის უფლებები”- ეს მართლაც უცხო ხილი იყო ჩემთვის.
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გამოიკვეთა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მცნება “თავისუფლება”. სიტყვა კარგად ნაცნობი იყო, მაგრამ მის არსს ბევრად გვიან ჩავწვდი. თავისუფლების ყოფითი, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური მნიშვნელობის გაცნობიერება, გათავისება, ურთულეს და უმთავრეს ამოცანად იქცა ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ერთადერთი და აუცილებელი მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა თავი შეიძლება იგრძნოს ბედნიერად, ღირსეულად, რეალიზებულად. ყველაფერი,რაც თრგუნავს თავისუფლებას, ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას და ანადგურებს მას, როგორც ფიზიკურ ისე სულიერ პლანზე. სწორედ ეს იყო “ჩემი” ქვეყნის, სსრკ-ს მთავარი ამოცანა. ამიტომ ამ სახელმწიფოსგან, ამ სისტემისგან თავის დაღწევა თვითგადარჩენის ტოლფასი იყო.
ამავდროულად ისიც გავიგე, რომ სხვა ქვეყნებში სახელმწიფოს და მოქალაქეს განსხვავებული ურთიერთდამიოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი. რომ სახელმწიფოს ფუნქცია არა მხოლოდ დასჯა და დაშინებაა, არამედ დაცვაც, უსაფრთხოების, სწავლის, განვითარების, ჯანსაღი ყოფითი პირობების უზრუნველყოფა, სახელმწიფოს ვალია ისეთი გარემო შეუქმნას მოქალაქეს, სადაც ადამიანი მაქსიმალურად მოახერხებს თვითრეალიზებას და საკუთარი ინდივიდუალობის გამოვლენას. ამ ქვეყნებში სახელმწიფოს მიერ დადგენილი თავისუფლების ჩარჩოები ბევრად ფართოა და ზღვარი მხოლოდ იქაა გავლებული, სადაც სხვა ადამიანის უფლებები შეიძლება დაირღვეს. თანაცხოვრების ასეთი წესი ჩემთვის მისაღებიც და ბუნებრივიც იყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის მერე გაჩნდა იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება ცხოვრების წესად სწორედ ასეთ ღირებულებებს დაამკვიდრებდა, რომ სახელმწიფო და მოქალაქე იარსებებდნენ არა მტრულ დაპირისპირებაში, არამედ როგორც თანამოაზრეები, ერთად იშრომებდნენ სამართლებრივი და ძლიერი ქვეყნის დასალაგებლად. აღმოჩნდა, ამ პროცესს დიდი დაბრკოლებები ახლავს თან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოს აუცილებლად ჭირდება ძლიერი ქვეყნის მხარდაჭერა და მფარველობა. ლოგიკური იქნებოდა, ასეთად ჩვენი უახლოესი მეზობელი, რუსეთი გამოსულიყო. სამწუხაროდ აშკარაა, რომ რუსეთს სახეცვლილი, მაგრამ ისევ ის მახინჯი, ბოროტი, კაცთმოძულე სისტემა მართავს, რომელზეც ზემოთ დავწერე. ეს ძალა შეძლებისდაგვარად ებრძვის თავისუფლების ყოველგვარ გამოვლინებას როგორც საკუთარ ქვეყნაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ებრძვის იდეოლოგიით, ეკონომიკური მეთოდებით, სამხედრო-საომარი მოქმედებებით.
რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი სამხედრო აგრესიის მოწმენი არაერთხელ გავხდით ბოლო 25 წლის მანძილზე. ასეთი ინტერვენციები ასუსტებს ისედაც სუსტ ქვეყანას და ჩანასახშივე სპობს იმ საძირკველს, რომელზეც ვცდილობთ დავაფუძნოთ ჩვენი სახელმწიფო. თავისუფლებისთვის ბრძოლაში სამხედრო დაპირისპირებისას საქართველო უძლურია რუსეთის წინაშე. მას აუცილებლად ჭირდება ძლიერი სახელმწიფოების თანადგომა. ასეთ სახელმწიფოთა გაერთიანება ნატო-ა. ამ ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების, მათი მოქალაქეების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო თვალსაზრისით. ვინაიდან ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ისედაც გვაერთიანებს ძირითადი იდეები და ღირებულებები, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მოწყობა, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავი მაქსიმალურად დაცულად და თავისუფლად იგრძნოს, ამიტომაც მინდა, ჩვენი ერთიანობა ოფიციალურად გაფორმდეს საქართველოს სრულუფლებიანი წევრობით ნატო-ში, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ სამართლებრივი და ადამიანის თავისუფლებაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად, დედამიწის ნებისმიერ წერტილში.