ზურაბ გურული, ექიმი
რატომ ნატო? კაცობრიობა, მსოფლიო საზოგადოება მუდმივ დინამიკაშია; იზრდება, იცვლება, იხვეწება, ახალს ითავისებს, სტერეოტიპებს ებრძვის, დოგმებს ამსხვრევს, ტაბუებს ხსნის, კომპლექსებისაგან თავისუფლდება. თანამედროვე ქართულ საზოგადოებას მძიმე მემკვიდრეობად ერგო დოგმატურ-რეგრესული საბჭოთა იდეოლოგია.
70 წლის განმავლობაში საგანთა და მოვლენათა არსისადმი დაშტამპულმა მიდგომამ უკიდურესად გაართულა განვითარებული ქვეყნების საზოგადოების კრიტერიუმებთან მიახლოება. ასე დაიბადა ე.წ. “გარყვნილი დასავლეთის” გაუცნობიერებელი შიში. შიში სოდომ-გომორისა თუ ბაბილონის გოდოლისა; სივრცისა, რომელიც სპობს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს. ეს გაუცნობიერებელი შიში კოსმოპოლიტიზმის მიმართ არახალია და ვაჟა-ფშაველას ესსე “პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი” დიდი მოაზროვნის მიერ დოგმატური ცნებების გაცამტვერების შესანიშნავი მაგალითია.
“ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია “ – წერდა ვაჟა. 1795 წელს, თავის ესსეში – “სამარადჟამო მშვიდობა”, იმანუელ კანტმა კოსმოპოლიტიზმი მიიჩნია ადამიანების ომისაგან გადარჩენის მთავარ პრინციპად და ე.წ. უნივერსალური თავაზიანობისა და სტუმართმოყვარეობის ბაზისურ ცნებად. “დედამიწა თანაბრად ეკუთვნის კაცობრიობას და ჰუმანიზმის საყოველთაო მემკვიდრეობა საბოლოოდ მიიყვანს კიდეც ადამიანებს კოსმოპოლიტურ კონსტიტუციასთან”.
ანალოგიური ფილოსოფიური კონცეფციები ჰქონდა ემანუელ ლევინასს ეთიკის, ხოლო ჟაკ დერიდას კი სტუმართმოყვარეობის შესახებ. ჭეშმარიტი ევროპული (დასავლური) ღირებულებები განყენებული, აბსტრაქტული ცნება არ გახლავთ. განათლებული ადამიანი ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებს კაცობრიობის მიერ ნებისმიერ სფეროში მიღწეული განვითარების უმაღლესი, იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული პარამეტრების ერთობლიობას. ევროპული ღირებულებების გათავისება კი სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი აზროვნება, აღიარებულ დოგმებთან შემოქმედებითი მიდგომა; ტაბუდადებული საკითხების თამამი, მაგრამ ამავე დროს ფაქიზი და ფრთხილი ინტერპრეტაცია.
საქართველო განუყოფელი ნაწილია ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებებისა, რადგან თავისი გენიოსების წყალობით საკუთარი, ეროვნულად გამორჩეული და ამავე დროს მსოფლიო საზოგადოების დონისა და ხარისხის უნივერსალური წვლილი აქვს შეტანილი კაცობრიობის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში. შესაბამისად, “ნატო”, დასავლური ღირებულებების მქონე ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება ბუნებრივი ადგილია როგორც ქართული მხედრობისათვის, ასევე ქართული პოლიტიკოსებისათვის. “ნატო” არის ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ თანამედროვე ქართველი დარჩეს მსოფლიო განვითარებისა და პროგრესის ორბიტაზე.
რუსული იდეოლოგიური სივრცე ასევე ბუნებრივი მემკვიდრეა საბჭოთა რეგრესული მსოფლმხედველობისა და განწირულია ლოგიკური დასარულისათვის. ეს გახლავთ იდეოლოგია, რომელსაც მომავალი არა აქვს და კოსმოსური შავი ხვრელის დაჟინებითა და ყრუ სისასტიკით ცდილობს ირგვლივ მყოფი ქვეყნების თვითმყოფადობის განადგურებას. ერთადერთი გზა ამ კატასტროფისაგან თავის დასაცავად პლანეტის პროგრესული ქვეყნების ოჯახში გაერთიანებაა.
სწორედ ამიტომ აირჩია მოაზროვნე, შეგნებულმა ქართველმა ნატო.