ზაალ უდუმაშვილი, ჟურნალისტი
…80-იანი წლები და შესაბამისად საბჭოთა სოციალიზმი სრულდებოდა. ერთი ეპოქა ისტორიის კუთვნილება უნდა გამხდარიყო და იწყებოდა მეორე, რომელიც ძალიან ბუნდოვანი იყო, მაგრამ ასოცირდებოდა მხოლოდ ერთ სიტყვასთან – თავისუფლება. სკოლას ვამთავრებდი და ახალი ცხოვრებისთვის ვემზადებოდი. რას ვაპირებდი? ჩემს პირად მომავალზე კონკრეტული მიზანი უკვე დასახული მქონდა. რა გარემოში, უფრო ზუსტად კი, რა ქვეყანაში უნდა განმეხორციელებინა ეს მიზანი – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ იყო. იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ „დიადი“ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო, პირველად გაისმა რუსთაველის გამზირზე ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხმამაღალი მოწოდება – “საქართველოში ნატოს ჯარების შემოყვანას ვითხოვთ”. ამ პოლიტიკურ განაცხადს მაშინ საზოგადოება ბუნებრივია სერიოზულად არ აღიქვავდა და ხალხში დამცინავ ღიმილს უფრო იწვევდა ვიდრე მხარდაჭერას. რამდენიმე თვეში საქართველოში დიდი ცვლილებების დრო დადგა. იმპერია დაემხო, დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, მოწოდება ნატოს ძალების შემოყვანის შესახებ კვლავ ძალაში იყო, თუმცა ხალხის დამოკიდებულება ამ ლოზუნგის მიმართ ისევ ღიმილნარევი.
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 20 წლის შემდეგ ალიანსის მიერ მიღებულ დეკლარაციაში შემდეგი სიტყვები ჩაიწერებოდა – “ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის”. ბუნებრივია 2008 წელსაც არავის ჰქონდა ილუზია, რომ ღია კარში შესვლა იოლი იქნებოდა, თუმცა მთავარი უკვე ნათქვამი იყო – ალიანსი მზად არის საქართველო საკუთარ წევრად მიიღოს. მიზანი რეალობას დაუახლოვდა. ანუ გამოჩნდა ფინალური ეტაპი იმ გრძელი და მტკივნეული გზის, რომელსაც თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია. ნატო თავისი სამხედრო და პოლიტიკური პოტენციალით, უპირველეს ყოვლისა მისი თითოეული წევრის თავისუფლების გარანტია. იმ არჩევანის გარანტი, რომლის დაცვაც პატარა ქვეყანას დამოუკიდებლად არ შეუძლია, მით უმეტეს, როდესაც შენი მეზობელი რუსეთია – უზარმაზარი ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ამბიციებით და შუასაუკუნოვანი დამპყრობლური პოლიტიკით, რომელიც უკვე მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად იქცა. ომისა და ოკუპაციის მიუხედავად ნატოსკენ მიმავალი გზის დიდი ნაწილი გავლილია და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების ბოლომდე დაცვა, რომლებიც მიზნამდე მიგვიყვანს. ალიანსის მოთხოვნების დაკმაყოფილება ქვეყანას შეუძლია. ამის რესურსი არსებობს, თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება იქნება. კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა და ახლა მთავარია ამ კარის მეორე მხარეს დავიმკვიდროთ ადგილი. წინაააღმდეგ შემთხვევაში ნანატრი ძლიერი და თავისუფალი საქართველო ისევ ოცნებად დარჩება, როგორც ეს 80-იანი წლების ბოლოს იყო. 24 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა დღემდე გრძელდება……