დათო ტურაშვილი, მწერალი
ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი (და ახლაც ვარ), რომ სიმართლე, მაინც ბოლომდე ვთქვათ, რადგან ჩემის ღრმა რწმენით, ყველაზე მწარე სიმართლეც კი, მაინც ყოველთვის ჯობია თუნდაც ყველაზე ლამაზ ტყუილს. სწორედ ამიტომაც, ძალიან არ მომწონს ნატოს სარეკლამო და მხარდამჭერი პროპაგანდა საქართველოში, სადაც გამუდმებით იმაზეა საუბარი, რომ ნატო საუკეთესო არჩევანია ჩვენთვის და ჩვენი ბიჭების მონაწილეობაც ერაყისა თუ ავღანეთის სამხედრო მისიებში, ძალიან კარგი მოვლენაა.
სინამდვილეში კი, ქართველი ჯარისკაცის უბრალოდ ყოფნაც კი, ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, არასასიამოვნო ასოციაციებსაც იწვევს ჩემში, მაგრამ რადგან ნატოში გაწევრიანება გადავწყვიტეთ, ასეთი ფუნქციის შესრულება, ჩვენც სხვებივით გვევალება. ხოლო ნატოში გაწევრიანებას მხარი იმიტომ კი არ დავუჭირეთ (და ხმა მივეცით ოფიციალურად), რომ ეს საუკეთესო არჩევანია, არამედ იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა და გამოსავალი, მართლა არ გაგვაჩნია. რასაკვირველია ჩვენთვის საუკეთესო იქნებოდა ნეიტრალიტეტის გამოცხადება, მაგრამ რადგანაც მთავარ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის (სამწუხაროდ) ისევ რუსეთის იმპერია წარმოადგენს, სხვების დახმარების გარეშე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, შეუძლებელი იქნება.
1918 წელს, როცა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ისევ გახდა, მან ნეიტრალიტეტიც ოფიციალურად გამოაცხადა, მაგრამ 1921 წელს რუსეთმა მაინც დაიწყო ომი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ თვითონვე აღიარა და საქართველოც ისევ დაიპყრო. არავინ იცის როდის იქნება რუსეთი ისეთი თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მის მიერვე დადებულ ხელშეკრულებებსა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაიცავს და ამიტომაც ჩვენი არჩევანი და ერთადერთი გამოსავალი თავისუფლების შესანარჩუნებლად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსია. სხვათა შორის, სხვა სახელმწიფოების სამხედრო ალიანსებში, სხვა საუკუნეებშიც გვიბრძოლია და მაშინაც სხვა გზა არ გვქონია, მაგრამ ახლა გვინდა რომ ჩვენი მეომარი ბიჭების სიცოცხლის სანაცვლოდ, ნატომ უფრო მეტი გაიღოს ჩვენთვის და ინტეგრაციის პროცესიც უფრო სწრაფად პროგრესირდეს ჩვენი ინტერესების დასაცავად.
ჩვენ კარგად გვესმის რომ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო, ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებსა და აუცილებელ პირობებს, რაც ნატოში გასაწევრიანებლად გვჭირდება, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით რომ იმავე ჩრდილოეთ-ატლანტიკურ ალიანსში, ისეთი სახელმწიფოებიც გაწევრიანდნენ (თავის დროზე), რომლებიც განსაკუთრებული სიმაღლეებით (მაშინ), სულაც არ გამოირჩეოდნენ. ამიტომაც გვსურს რომ ნატოს მხრიდანაც გადაიდგას უფრო სწრაფი და ადექვატური ნაბიჯები ქვეყნის ინტერესების მიმართ, რადგან დროს, რომელსაც ვკარგავთ, ჩვენი სახელმწიფოს მტრები, ჩვენს საზიანოდ თამამად იყენებენ და კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო ბოროტად, მომავალში გამოიყენებენ.
რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს, არც ეს არის ჩვენთვის ახალი და უცხო და საუკუნეების მანძილზე, საუკეთესო ქართველი ლიდერები, სწორედ საქართველოს ევროპულ სახლში დაბრუნებას ცდილობდნენ, რადგან ჩვენ, სინამდვილეში, ევროპულ-იბერიული ცივილიზაციის უძველესი წარმომადგენლები ვართ და ევროპაც, ჩვენი უძველესი სახლია…
p.s. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი სტუდენტობის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ანტისაბჭოური მიტინგების ორგანიზება დავიწყეთ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების იდეაც ლოგიკურად გაჩნდა. თუმცა ბევრისთვის, ამაზე საუბარიც კი, მაშინ საშიში და მიუღებელი იყო, მაგრამ ამ იდეის ყველაზე აქტიური მომხრე ირაკლი წერეთელი, მაშინაც კი დაჟინებით და ხმამაღლა მოითხოვდა ნატოს ჯარების დაუყონებლივ შემოყვანას საქართველოში. ირაკლის, ამის გამო, მაშინ გიჟსაც კი ეძახდნენ ხოლმე და მერე ის ხალხი (ვისაც წერეთელი გიჟი ეგონა), მე თვითონ ვნახე ტელევიზიით, როცა ფოთის ნავსადგურში შემოსულ ნატოს პირველ გემს, ბუშტებით და ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ ძალიან ბედნიერი სახეებით…