გიორგი ნაკაშიძე, მსახიობი
ძალიან პატარა ვიყავი როცა პირველად ვნახე ფილმი „12 განრისხებული მამაკაცი“. ფილმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მომხიბლა იმან, რომ ადამიანს თუ სჯერა რომ სიკეთეს და სიმართლეს ემსახურება, შეუძლია ბევრი სხვა, ხშირ შემთხვევაში გულგრილი, ადამიანი სიკეთის სამსახურში ჩააყენოს. მოგვიანებით კიდევ ბევრჯერ ვნახე ეს ფილმი. ბევრ სხვა რამეს მივაქციე ყურადღება. დავინახე, სასამართლო, რომელიც ასე განსხვავებული იყო იმ ქვეყნის სასამართლოსაგან რომელშიც მე ვცხოვრობდი; დავინახე ლიდერი, რომელმაც არა მხოლოდ უდანაშაულო ადამიანი გადაარჩინა, არამედ დაეხმარა გაშემომყოფებს უფრო უკეთესნი გამხდარიყვნენ; დავინახე საზოგადოება, რომელიც ფასეულობებით ძალიან ჰგავდა იმ საზოგადოებას, რომელშიც მე ვცხოვრობდი; და ბოლოს, დავინახე სახელმწიფო სისტემა, რომელიც პიროვნებას აძლევს შესაძლებლობას შეცვალოს რაღაც უკეთესობისაკენ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ვიმოგზაურე იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი სისტემაა. ვნახე რომ ამ ქვეყნებში არა მხოლოდ კეთილდღეობაა, არამედ თავისუფლება. მივხვდი რომ ეს თავისუფლება განაპირობებს კეთილდღეობასა და წარმატებას.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ბევრი მიმუშავია, არასოდეს მომდომებია სხვა ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენა. ყოველთვის მომწონდა ქვეყნები, რომლებსაც ჩვენთან დასავლეთს ეძახიან. მომწონდა ის რომ ამ ქვეყნებში ადამიანები იყნენ ტოლერანტები სხვა აღმსარებლობის, სხვა წარმოშობის და ზოგადად, სხვა მსოფლმხედველობის მქონეთა მიმართ. მომწონდა ის, რომ კორუფცია სამარცხვინოდ ითვლებოდა. მომწონდა, რომ ადამიანის თავისუფლება და ინდივიდუალიზმი ხელშეუხებელად ითვლებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ხალხი თავისუფალი იყო. ყოველთვის ვგრძნობდი რომ ეს ჩემი და ჩემი თანამემამულეებისათვის საზიარო ფასეულობები იყო, რომელიც უკავშირდებოდა უძველეს ქრისტიანულ ფასეულობებს.
მინდა, რომ ჩემი ქვეყანაც ასეთი იყოს. მინდა მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება, მინდა სახელმწიფო სისტემა, რომელიც ამ ფასეულობებს იცავს და არა საკუთარ თავს.
მე ვფიქრობ რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ თითქმის ყველაფერი რომ ასეთი ქვეყანა ააშენონ: ნიჭი, შრომისმოყვარეობა და სწრაფვა თავისუფლებისაკენ. თუ გარედან უხეში ძალა არ ჩაერია, ჩვენ ავაშენებთ ასეთ ქვეყანას. სამწუხაროდ, მთელი ცხოვრებაა ვხედავ რომ ეს უხეში ძალა მუდმივად ერევა და გვინგრევს რასაც ვაშენებთ. უხეში ჩარევისაგან დასაცავად თავისუფალმა ქვეყნებმა შექმნეს კავშირი – ნატო რომლის პრინციპს კარგად გამოხატავს ძველი ქართული ანდაზა: ძალა ერთობაშია. ამ კავშირის დამსახურებაა თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. მე მინდა რომ ამ კავშირში საქართველოც იყოს. მინდა იმისთვის, რომ მე უკეთესად ვაკეთო ჩემი საქმე, ჩემმა შვილებმა იცხოვრონ მშვიდობასა, თავისუფლებასა და კეთილდღეობაში. მე მჯერა რომ ჩემი ქვეყანა იქნება ამ კავშირში და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს.