ანა კორძაია-სამადაშვილი, მწერალი
და-ძმა არა მყავს. ეს ძალიან ცუდია. ყოველთვის ძალიან მინდოდა, და ან ძმა მყოლოდა, რომ ვიღაც ძალიან მყვარებოდა და მასაც ძალიან ვყვარებოდი, ისე, უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ და-ძმა ვართ.
და-ძმა რომ მყოლოდა, ჩემი სიცოცხლე ბევრად უფრო იოლი და გადასარევი იქნებოდა. ჩემიც და იმ ჩემი შესანიშნავი დისა თუ ძმისაც. ბევრნი რომ ვყოფილიყავით, ხომ მთლად უკეთესი.
მე დავიბადე 1968 წელს, და ნანახი მაქვს დიდი იმპერიის დანგრევა და ოთხი ომი. მეუბნებიან, რომ იმას, რაც მე მაქვს ნანახი, სამოქალაქო ომი არ ჰქვია, და არც ომები ყოფილა ომები – შეიარაღებული კონფლიქტები იყოო, ბრძანეს.
ალბათ, ასეა, არ ვიცი. ჩემთვის ომები იყო. და ამ ომებში არავინ იდგა ჩემი ქვეყნის გვერდით. სულ მარტოკა იყო, როგორც მე ვარ მარტო ჩემს პატარა, ციცქნა, უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმე ომებში.
არადა, ჩემი ქვეყანა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ჩემს სამშობლოზე, ისევე, როგორც ნატოს რომელიმე სხვა წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად შეფასდებოდა, და არც არავინ შემოგვიტევდა, და აღარ იქნებოდა გასარჩევი, მე, ანა კორძაია-სამადაშვილს, სულ მალე 47 წლის საქართველოს მოქალაქეს, ომები მაქვს ნანახი თუ შეიარაღებული კონფლიქტები. აღარც ერთი მინდა და აღარც – მეორე. ნატოში მინდა. მინდა, მყავდეს ბევრი ძმა.