მრგვალი მაგიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია/რეინტეგრაციის და რუსეთთან ურთიერთობის თემატიკაზე
საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ, 2012 წლის 25 ივლისს, ევროპის სახლსა და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან (CSIS) პარტნიორობით, არსებული პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა მრგვალ მაგიდას ოკუპირებული ქართული რეგიონების დეოკუპაცია/რეინტეგრაციის და რუსეთთან ურთიერთობების თემატიკაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. აღნიშნული შეხვედრა იყო მესამე იმ სამი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრათაგან, რომელთა ჩატარებაც დაგეგმილია აშშ-საქართველოს ფორუმის პროექტის ფარგლებში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა დეოკუპაცია/რეინტეგრაციის მიმდინარე პოლიტიკა და ამ კუთხით არსებული საფრთხეები და გამოწვევები. დისკუსიებისას სხვა საკითხებს შორის ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც დეოკუპაციის პროცესის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ელემენტს.
აგრეთვე ყურადღება მიეპყრო ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან პირდაპირი კავშირების დამყარება-გაღრმავების საჭიროებასა და ამ მიზნით ქართულ სამთავრობო, საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.