მოკლე ინფორმაცია

საქართველოს ატლანტიკური საბჭო არის არაკომერციული, პოლიტიკურად არააფილირებული, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა და ფუნქციონირებს 1996 წლიდან. იგი წარმოადგენს ე.წ. ქოლგა ორგანიზაციას, რომლის ფარგლებშიც ერთიანდებიან ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის მომხრე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ქვეყნის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სწრაფ განვითარებას.  
 
ორგანიზაცია იზიარებს უსაფრთხოების ფართო კონცეპტუალურ გაგებას. თავისი საქმიანობისას, იგი ფოკუსირდება ფართო სპექტრის საკითხებზე რომლებიც მოიცავს როგორც სამხედრო-თავდაცვით, ასევე ეკონომიკურ უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის თემატიკას. საბჭოს მიაჩნია, რომ  მმართველობის სისტემაში დემოკრატიული ბალანსირებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვა, სამოქალაქო საზოგადოების მუდმივი და აქტიური  ჩართულობა საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მის იმპლემენტაციაზე სათანადო სამოქალაქო კონტროლი ძალზედ მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს საქმიანობის სამეთვალყურეო ორგანოა გამგეობა, რომელიც 11 წევრისგან შედგება. ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას გეგმავს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, რაშიც მათ ეხმარებიან საბჭოს მუდმივ შტატში მყოფი მუშაკები.
 
საქართველოს ატლანტიკური საბჭო არის ატლანტიკური საბჭოს ასოციაციის (ATA)  წევრი და გააჩნია ახალგაზრდული ფრთა – იატა საქართველო (YATA Georgia.)

 

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრები:

ვასილ სიხარულიძე – გამგეობის თავჯდომარე / წევრი

გიორგი მუჩაიძე – აღმასრულებელი დირექტორი / წევრი

დავით დარჩიაშვილი – წევრი

თემურ იაკობაშვილი – წევრი

შორენა ლორთქიფანიძე – წევრი

ნიკოლოზ მელიქაძე – წევრი

ირაკლი მენაღარიშვილი – წევრი

ერეკლე მჭედლიშვილი – წევრი

არჩილ ოსიძე – წევრი

ლევან რამიშვილი – წევრი

ალექსანდრე რონდელი – წევრი

ვასილ ჭყოიძე – წევრი

 

თავისი მიზნების მისაღწევად, საბჭო:

  • ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, აწყობს კონფერენციებს, სემინარებს და შეხვედრებს. მუშაობისას ამყარებს კავშირს მსოფლიოს ანალოგიურ ინსტიტუტებთან;
  • გამოდის პროგრამებისა და კონკურსების ინიციატორის როლში, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამებსა და კონკურსებში;
  • თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლის და ახლის მოძიების თვალსაზრისით;
  • ეწევა საგამომცემლო საქმიანობას, ამზადებს და გამოსცემს სამეცნიერო და პოპულარულ ლიტერატურას, ასევე ავრცელებს საინფორმაციო მასალას (ბიულეტენი, ლიფლეტი, საინფორმაციო ფურცელი). აფუძნებს კანონის დადგენილი წესით გამომცემლობას, ჟურნალ-გაზეთებს, აწყობს პრეზენტაციებს, აქციებს და სხვა.